ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპელი ლიდერები პუტინთან მოლაპარაკებების პრინციპებზე ტრამპს ეთანხმებიან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ევროპელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების პრინციპებზე შეთანხმდნენ.

როგორც მათ ხაზგასმით აღნიშნეს, უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მხოლოდ უკრაინასთან უნდა განიხილებოდეს.

„გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, მთელი კვირის განმავლობაში ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია იყო, ათობით კომუნიკაცია ჩვენს შორის – ევროპელ ლიდერებს, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ჩვენსა და მსოფლიოს სხვა ნაწილების წარმომადგენლებს შორის, რომლებსაც მხოლოდ ერთი რამ სურთ – მშვიდობა უკრაინაში, მშვიდობა ევროპაში. დღეს ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტთან განვიხილეთ ჩვენი საერთო პოზიციები. მანამდე კი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა და ხუთ საერთო პრინციპზე შევთანხმდით“, – განაცხადა ზელენსკიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე პრინციპს ხაზი გაუსვა და თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნომერ პირველი საკითხია.

„ჩვენ უნდა მოვამზადოთ სამმხრივი ფორმატი მოლაპარაკებებისთვის. აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა – (ეს) პირველი რიგის საკითხია. უნდა არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიები, სანქციები უნდა გამკაცრდეს, თუ რუსეთი არ დათანხმდება ალიასკაში ცეცხლის შეწყვეტას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მანვე დასძინა, რომ დღეს მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან და პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები