თამარ ხულორდავა: პოლიტიკური სტაბილურობის განცდის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა

პოლიტიკური სტაბილურობის განცდის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რაც თავის მხრივ ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ტელეკომპანია ,,მაესტროს” ეთერში განაცხადა.

ხულორდავა მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წელი იყო წარმატებული საქართველოსთვის.

,,ჩვენ გვაქვს პოლიტიკური თანამშრომლობის ძალიან მაღალი ხარისხი ევროკავშირთან, გვაქვს ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა, რომელიც ბოლომდე გამოსაყენებელია და გვაქვს თავისუფალი მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან. ეს ის მნიშვნელოვანი შედეგია, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში”,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე შეფასებით, ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად აუცილებელია შიდა პოლიტიკური კონსოლიდაცია, ხოლო სტაბილურობის განცდის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რაც ასევე ევროპულ ოჯახთან დაახლოების წინაპირობაა.

,,ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვპირდებიან მხარდაჭერას. თუმცა, ამის მიღმა სამუშაო ბევრია. ერთგვარი გამოწვევაა ევროკავშირის დღევანდელი მდგომარეობა. სამწუხაროდ, ევროგაერთიანება არ არის დღეს იმ მდომარეობაში, რომ თავისუფლად იფიქროს გაფართოებაზე. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და დრო შიდა კონსოლიდაციაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ. რადგან ამის გარეშე წინ წასვლა გაგვიჭირდება”, – მიიჩნევს თამარ ხულორდავა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები