ყველასთვის ნაცნობია მდგომარეობა, როდესაც ტელეფონის ეკრანს შორდები და უცაბედად ხვდები, რომ რაღაც მომენტში საერთოდ არაფერზე ფიქრობდი. ეს არ არის გულმავიწყობა, ქარაფშუტობა ან „ღრუბლებში ფრენა“ — უბრალოდ, რამდენიმე წამით გონებაში სიჩუმე ისადგურებს.
„ნეირობიოლოგები ამ მდგომარეობას „Mind blanking-ს“, ან „გონების სიცარიელეს“ უწოდებენ. ეს არის მოკლე პერიოდი, როდესაც ტვინი წყვეტს ფიქრის წარმოქმნას. კვლევები ადასტურებენ, რომ ეს გონების ცალკეული, საკმაოდ რეალური მდგომარეობაა“, – წერს LiveScience.
რამდენად ხშირად ხდება ეს?
ადამიანების უმეტესობა ვერც კი ამჩნევს, როცა „ითიშება“, მაგრამ როდესაც მეცნიერები შემთხვევითობის პრინციპით აწყვეტინებდნენ კვლევის მონაწილეებს საქმეს და ეკითხებოდნენ: „რაზე ფიქრობთ ახლა?“ — ცხადი იყო, რომ „Mind blanking“ იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. სხვადასხვა კვლევის თანახმად, ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას, დღის განმავლობაში 5%-დან 20%-მდე შესაძლოა, სწორედ ამ მდგომარეობაში ვიყოთ.
როგორ გამოიკვლიეს?
ნეირომეცნიერ თომას ანდრილონის გუნდმა საფრანგეთის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში ელექტროენცეფალოგრაფია გამოიყენა. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც თავის კანზე დამონტაჟებული ელექტროდების გამოყენებით, ტვინის ელექტრულ აქტივობას იწერს. მონაწილეები ეკრანზე რიცხვების სწრაფად ცვლილებას აკვირდებოდნენ და ყოველ ჯერზე, როცა სამიანების გარდა, ნებისმიერ რიცხვს ხედავდნენ, ღილაკზე დაჭერა უწევდათ.
ეს დავალება ყურადღებას და სწრაფ რეაქციებს მოითხოვდა. ექსპერიმენტი ყოველ წუთს წყდებოდა, რათა მონაწილეებისთვის ეკითხათ, რაზე ამახვილებდნენ ყურადღებას: თავად დავალებაზე, არასაჭირო ფიქრებზე, ან, იქნებ, არაფერზეც არ ფიქრობდნენ.
რა აღმოაჩინეს მათ?
როდესაც მონაწილეები „გონების სიცარიელეს“ განიცდიდნენ, ისინი სხვა მდგომარეობებთან შედარებით, უფრო ნელა რეაგირებდნენ ყველაფერზე. ელექტროენცეფალოგრამამ აჩვენა, რომ ტვინის აქტივობა ამ მომენტებში გლობალურად შენელდა და კონკრეტულ უბნებში არ იყო კონცენტრირებული. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ადრე ითვლებოდა, რომ ტვინი სიფხიზლისას ყოველთვის რაღაცას წარმოქმნიდა.
კვლევის მეორე ნაწილში, რომელსაც ლიეჟის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი ათენა დემერცი ხელმძღვანელობდა, გამოყენებული იყო ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ეს მეთოდი ელექტროენცეფალოგრამაზე სწრაფი არ არის, რადგან ის აკონტროლებს ტვინში სისხლის ნაკადს და არა ელექტრულ სიგნალებს, რაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რომელი უბნებია აქტიური.
მონაწილეები, უბრალოდ, სკანერში დატოვეს, დავალებების გარეშე და პერიოდულად ეკითხებოდნენ მათი მოსაზრებების შინაარსს.
მოულოდნელი შედეგი იყო ის, რომ როდესაც ადამიანები „სიცარიელის“ შესახებ აცხადებდნენ, მათი ტვინის აქტივობის თითქმის მთელი ნაწილი კოორდინირებული იყო, როგორც ჰიბერნაციის ფაზაში.
„ტვინი ოდნავ ძილისკენ გადაინაცვლებს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ დაირღვეს ცნობიერების ჩვეული მდგომარეობა – და ჩვენ „გამოვირთოთ“, – განმარტავს ანდრილონი.
რატომ სჭირდება ეს ტვინს?
ორივე მკვლევარი ვარაუდობს, რომ გონების დაცლა ტვინის ერთგვარი მინი-გადატვირთვაა სიფხიზლისას. ძილის დროს ტვინი იწმინდება დაგროვილი მეტაბოლური ნარჩენებისგან, ცივდება, ზოგავს ენერგიას მეორე დღემდე.
„ეს ჰგავს ერთი წუთის დახარჯვას „გონების გასასუფთავებლად“. წინა დაკვირვებები აჩვენებს, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც საკმარისად არ იძინებენ, „გონების დაცლა“ უფრო ხშირად ხდება, რაც ადასტურებს ამ ჰიპოთეზას“, – განმარტავს დემერცი.
ანდრილონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტვინის შესაძლებლობების აღდგენისთვის სასარგებლო მდგომარეობაა, არ არის საუკეთესო პროდუქტიულობისთვის. თუმცა, ის თვლის, რომ თითქმის ყველა გადის ამ მდგომარეობას დღეში ერთხელ მაინც, მაშინაც კი, თუ ამას ვერ ამჩნევს.
„ზოგჯერ საჭიროა ფიქრების ნაკადის შეჩერება, რათა ისევ სრული ძალით ჩართოთ“, – დასძენს მეცნიერი.