თენგიზ შარმანაშვილი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების მოთხოვნაზე: 2017 წელს კონსტიტუციაშიც შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება – მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია, ახლაც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ეს პრობლემა არ არსებობს – დამტკიცდა, რომ არსებობს

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაუშვას ერთნაირსქესიანთა ქორწინება და უზრუნველყოს ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ეხმიანება.

შარმანაშვილი იხსენებს იმ დროს, როდესაც კონსტიტუციაში შევიდა შესწორება და ქორწინების ცნება დაკონკრეტდა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოპოზიცია მაშინ აცხადებდა, რომ ეს გამოგონილი თემები იყო.

მისივე თქმით, დამტკიცდა, რომ ეს პრობლემა არსებობს.

„2017 წელს კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება – რომ ეს არის ქალისა და კაცის ერთობა. მაშინ გახსოვთ ე.წ. ჩვენი ოპოზიციის, სინამდვილეში ულტრარადიკალური ოპოზიციის ნარატივები? ისინი ამბობდნენ, რომ ეს გამოგონილი თემებია, არავინ არავის არაფერს სთხოვს, ამათმა თავისი პოლიტიკური ბენეფიტების მიღების მიზნით მოიგონეს ეს თემა – ყალბი აღმოჩნდა? ერთ-ერთ პირობად ერს, რომელსაც აქვს ასი ათასობით მსხვერპლი გაღებული ევროპის უსაფრთხოებისთვის, ხომ თვითონვე ამბობენ, რომ ჩვენს მაგივრად და ჩვენს გამო იბრძვიან, რომელმაც უზარმაზარი ნგრევა განიცადა, მილიონობით ლტოლვილი ჰყავს, იმას შეიძლება დამატებით ეს პირობა წაუყენო? გამოვიდეს ყველა და თუ ასეთი ვაჟკაცები და პირდაპირები არიან და თავისი ღირებულებების დამცველები, თქვან, რომ არ ვეთანხმებით ხელისუფლებას, ჩვენ მომხრე ვართ, კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება და ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს კონსტიტუციით-თქვან, რატომ ვერ ეუბნებიან საქართველოს მოსახლეობას ამას? იმიტომ, რომ ატყუებენ. ეუბნებიან, რომ ეს პრობლემა არ არსებობს. აგერ დამტკიცდა, რომ არსებობს“- განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები