თავდაცვის სამინისტრო: პროექტი „ჯარის ბანაკი“ მეშვიდე როტაციას მასპინძლობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტი – „ჯარის ბანაკი“ მეშვიდე როტაციას მასპინძლობს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლასა და კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები იმყოფებიან. მოსწავლეების დღის წესრიგი მათზე მორგებული საინტერესო აქტივობებით არის დატვირთული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამედიცინო და საინჟინრო სწავლებასთან ერთად, მოსწავლეები ინსტრუქტორებისგან დეტალურ ინფორმაციას იღებენ დრონების ფუნქციონირებისა და დანიშნულების შესახებ. თეორიული სწავლების შემდეგ კი, მათ შესაძლებლობა ეძლევათ პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ.
“პროექტში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საპატრიარქო. სამხედრო დისციპლინების გარდა, ბანაკს საპატრიარქოსთან არსებული თეატრალური დასი სტუმრობს და ბავშვებს შემეცნებით-საგანმანათლებლო წარმოდგენებს სთავაზობს. მოზარდებში, საგანმანათლებლო შინაარსის სპექტაკლები სულიერი ღირებულებების განმტკიცებას ისახავს მიზნად.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად პროექტს – „ჯარის ბანაკი“ მესამე წელია ახორციელებს. პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად,”- ნათქვამია ინფორმაციაში.