კობახიძე ხაზარაძის განცხადებაზე: ვისაც უნდა სახელმწიფოსთვის სარგებლის მოტანა, ყველას ვუსურვებ წარმატებებს

“ჩვენი მთავარი სურვილი არის ის, რომ გაიხსნას პოლიტიკური ცხოვრება და შეუერთდეს სხვადასხვა სუბიექტი”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თაობაზე განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავარია, რომ იმ სუბიექტებმა, რომლებიც შემოვლენ პარტიულ ცხოვრებაში, კონსტრუქციული როლი შეასრულონ ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით.
“რაც შეეხება წყალგამყოფს – ეს დღეები იყო ნამდვილად წყალგამყოფი. ზუსტად გამოიკვეთა ამ დღეებში, ვინ ემსახურება მტრის ინტერესებს და ვინ – სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენი პოზიცია, მე ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით უნდა იყოს ძალიან მკაფიო იმისთვის, რომ მტერს არ მიეცეს მტრობის საშუალება“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე – რა შანსი აქვს ხაზარაძეს პოლიტიკაში, კობახიძე ამბობს, რომ კონკრეტულ სუბიექტებზე ვერ ისაუბრებს.
“ვისაც უნდა სახელმწიფოსთვის სარგებლის მოტანა, ყველას ვუსურვებ წარმატებებს. ვის უნდა და ვის არ უნდა, ბუნებრივია, ამაზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ. ჩვენ ვიცით, ჩვენ რა გვინდა. ჩვენ გვინდა ამ სახელმწიფოსთვის სარგებლის მოტანა და ამ დღის წესრიგით ვიმუშავებთ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დღეს დაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები