აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის ზაფხულის პირველი აკადემია დასრულდა

1-6 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ზაფხულის პირველი აკადემია ბორჯომში ჩატარდა. ღონისძიება, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის საკითხებსა და ამ მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.
ზაფხულის აკადემიის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელორუსის საკანონმდებლო ორგანოების აპარატის თანამშრომლებმა საპარლამენტო ზედამხედველობის ზოგადი პრაქტიკა განიხილეს და ყურადღება ისეთი მექანიზმების მნიშვნელობასა და შედეგებზე გაამახვილეს, როგორებიცაა: თემატური საკომიტეტო მოკვლევა, კანონმდებლობის ეფექტურობის განსაზღვრა და პეტიციები.
ერთკვირიანი ინტენსიური კურსის მანძილზე, მონაწილეებს აღნიშნული მიმართულებებით გამოცდილება გაუზიარეს ლიეტუვას პარლამენტიდან, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმიდან, ესტონეთისა და საქართველოს პარლამენტებიდან მოწვეულმა ექსპერტებმა.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატებს შორის   „თბილისი მემორანდუმით“ ჩამოყალიბებული რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში გამართული ღონისძიებებიდან, ზაფხულის აკადემია პირველი ღონისძიებაა, სადაც ექსპერტად მოწვეული იქნა ქსელის წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრი.
საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – კახაბერ კუჭავა ზაფხულის აკადემიის მონაწილეებს ესაუბრა საქართველოს პარლამენტში პირველი თემატური საკომიტეტო მოკვლევის პროცესისა და მიღწეული შედეგების შესახებ, მათთან ერთად შეაფასა თემატური საკომიტეტო მოკვლევის, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ეფექტურობა და მნიშვნელობა. აკადემიის დიდი ნაწილი პრაქტიკული ხასიათის სამუშაოებს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები თემატური საკომიტეტო მოკვლევისა და კანონმდებლობის ეფექტურობის განსაზღვრის მიმართულებით სამუშაო პროცესის სპეციფიკას, გამოწვევებსა და წარმატებულ პრაქტიკას გაეცნენ.
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ ღონისძიების მონაწილეებს ზაფხულის აკადემიის წარმატებით დასრულება მიულოცა და, საქართველოს აპარატის ინიციატივით,  „თბილისი მემორანდუმის“ ფარგლებში  აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტებს შორის ჩამოყალიბებული რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ზაფხულის აკადემია სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები