“რაც “რუსთავი2-ის” ეთერში ვიხილეთ, ეს არის “ნაცმოძრაობის” მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი”

“ის, რაც გუშინ “რუსთავი2-ის” ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი – ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანმა, გია ვოლსკიმ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, რაც “რუსთავი 2-ის” ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას.
“ის, რაც გუშინ “რუსთავი2-ის” ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი – ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებული ტელევიზიაზე – “რუსთავი 2-ზე” გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში. ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ტელეკომპანიის დირექტორისა და, იმავდროულად, “ნაციონალური მმართველობის” პერიოდის პროკურორის, ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა.მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის – ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ, ზოგადად, ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა. უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია, რაც “რუსთავი 2-ის” ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას, რაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის წარმოშობას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას. ეს განცხადება პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლებისა და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს – საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი – ჩვენ ქვეყანასაც დავიცათ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივასაც. დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს მისცემს მიმდინარე მოვლენებს და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-ის” გადაცემა P.S-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. რუსულენოვან მიმართვაში მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები