კალაშნიკოვი: არ უნდა უპასუხოს ჩვენმა სახელმწიფომ ჟურნალისტის ამ ხულიგნურ საქციელს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის წევრი სერგეი კალაშნიკოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გიორგი გაბუნიას გინებას სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ სჭირდება. ამის შესახებ კალაშნიკოვმა “რია ნოვოსტის” განუცხადა.
მისივე თქმით, გაბუნიას ქმედება ხულიგნური საქციელი იყო, რომელმაც წამყვანის უკულტურობა აჩვენა.
„არ უნდა უპასუხოს ჩვენმა სახელმწიფომ ჟურნალისტის ამ ხულიგნურ საქციელს. მის მიმართ რაღაც ზომების განხილვა არ არის საჭირო. ამაზე რეაგირება ნიშნავს მის დონეზე დაშვებას“, – თქვა კალაშნიკოვმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი გამოთქმების უფლება წამყვანმა თავს მისცა საავტორო გადაცემაში არა რუსულ, არამედ ქართულ ტელევიზიაში.
„ჩვენ ცოტა მტკივნეულად ვრეაგირებთ იმაზე, რომ ვიღაცამ ჩვენ ალმაცერად გადმოგვხედა, ან რომ ვიღაც იგინება. ეს მხოლოდ ამ პირების უკულტურობას აჩვენებს, მეტს არაფერს. მაგრამ ამის გამო მთვარე დედამიწას არ დასცემია“, – განაცხადა რუსმა სენატორმა სერგეი კალაშნიკოვმა.
ცნობისთვის, გუშინ, 7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა P.S.-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს.
მოგვიანებით, “რუსთავი 2”-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ, გიორგი გაბუნიას განცხადებაზე გამოძიება დაწყებულიყო, ასევე, ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინათ არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა უკვე განაახლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები