კარასინმა რუსეთზე სალომე ზურაბიშვილის განცხადება ბომბის აფეთქებას შეადარა
“საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას რუსეთთან დაკავშირებით ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა”, – ასე შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ რუსეთი ოკუპანტია და ერთმორწმუნეობა ვერ იქნება კეთილი მეზობლობის გარანტი.
“სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელსაც ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, დემონსტრანტების შეძახილები – ამას ყველაფერს ტელევიზორში აჩვენებდნენ და შეუმჩნევლად არ ჩაუვლია.
მნიშვნელოვანია ის, რომ დღევანდელი შეხვედრა შედგა და რომ ის ორგანიზებულად დამთავრდა. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ოქტომბერში მორიგ შეხვედრაზე შევთანხმდით.
მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისზეც ამ აფეთქებამ იმოქმედა. ორმხრივ ურთიერთობებში მეზობელ ქვეყნებს შორის სახელმწიფოს მეთაურმა თავს ასეთი გამონათქვამების უფლება არ უნდა მისცეს. ამ საკითხს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და გამონათქვამები შევარჩიოთ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდიც შეაფასა და აღნიშნა, რომ სიტუაცია 20-21 ივნისს თბილისში განვითრებული მოვლენების ფონზე შედარებით დაძაბული იყო.
“ჩემი შეგრძნებით, ნერვიულობდნენ თავმჯდომარეები, რადგან არ იცოდნენ, როგორ გამოიხატებოდა ეს და ხომ არ იქნებოდა ღია კონფრონტაცია პირდაპირ შეხვედრაზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არ არის ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგი და ჩვენ არსებული დღის წესრიგით გავაგრძელებდით მუშაობას. ვისაუბრებდით უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე, ადგილზე შექმნილ მდგომარეობაზე, ძალის გამოუყენებლობაზე და ა.შ.
ჩვენ მთელი დღის წესრიგი გავიარეთ, მაგრამ მთავარი მაინც ვერ გადავწყვიტეთ – რეგიონების სტატუსი, თქვენი ინტერპრეტაციით დეოკუპაციის თემა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოქალაქეების ჰუმანიტარული უფლებები. როდესაც ამ თემებს ვუბრუნდებით, განხილვების ტემპერატურა მატულობს, როგორც წესი”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.