სვანეთის ძეგლების რეინვენტარიზაციის სრულმასშტაბიანი პროექტი მიმდინარეობს

 სვანეთში ივნისის თვიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების რეინვენტარიზაციის სრულმასშტაბიანი პროექტი მიმდინარეობს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საველე სამუშაოები, რომლებიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის რესურსებზე განახლებული და ზუსტი მონაცემების კომპლექსური ფორმით მოძიებასა და გადამოწმებას ითვალისწინებს.
სვანეთის მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სისტემური ინვენტარიზაციისა და რეინვენტარიზაციის წარმართვის აუცილებლობა კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემაში (გის მონაცემთა ბაზა) განთავსებული ინფორმაციის, ძეგლთა ნუსხის, საარქივო დოკუმენტაციისა და რეგიონში ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ანალიზმა გამოავლინა. გის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, მესტიის მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში, 568 ძეგლი და 1098 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია, რომლებზეც უმეტეს შემთხვევაში სათანადო მონაცემები არ მოიპოვება – დასაზუსტებელია GPS კოორდინატები, განსახორციელებელია ფოტოფიქსაცია და შესავსებია სააღრიცხვო დოკუმენტაცია.
2019 წლის განმავლობაში ჩასატარებელი სამუშაოები ორ ეტაპადაა დაყოფილი და მას სააგენტოს საინფორმაციოს სისტემების სამსახურის გის მიმართულების სპეციალისტები წარმართავენ. ინვენტარიზაციის საველე პროცესის პირველ ეტაპი მიზნად ისახავს იფარის, კალასა და უშგულის თემებში გის მონაცემთა ბაზაში არსებული 394 ძეგლის/ობიექტის მოძველებული მონაცემების განახლებას, მათ ხელახალ ფოტოფიქსაციას, ფიზიკური მდგომარეობის შეფასებასა და მონაცემთა ბაზაში სააღრიცხვო ბარათის დონის ინფორმაციის შევსებას. სოფლებში განაშენიანების პროცესებს სააგენტოს სამუშაო ჯგუფის წევრები საჰაერო ვიდეო გადაღებების საშუალებით აღნუსხავენ. კოშკებისა და მაჩუბების გადახურვის მდგომარეობა კი ფოტო გადაღების გზით შესაფასდება. პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოებს სააგენტოს საინფორმაციოს სისტემების სამსახურის გის მიმართულების მეორე ჯგუფი აგვისტოს თვეში განახორციელებს და ის მულახის თემის კულტურული მემკვიდრეობის 400-მდე ძეგლსა და ობიექტს მოიცავს.
მესტიის კულტურული მეკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების კომპლექსური რეინვენტარიზაციის სამუშაოები, რომელშიც ადგილობრივი მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლებიც არიან ჩართულნი, საინფორმაციო სისტემების სამსახურის ხელმძღვანელის – ლეილა თუმანიშვილის კოორდინაციით წარიმართება. საველე სამუშაოების დროს მოძიებული განახლებული მონაცემები კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემაში განთავსდება, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს (რიკსანტიკვარენი) შორის თანამშრომლობის ფარგლებშია 2013-2019 წწ შემუშავებული.
სვანეთის რეინვენტარიზაციის შემდეგი ეტაპი და ინფორმაციის კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემაში განთავსების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები