ეკონომისტი, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტი – პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ ლარის კურსის გაუფასურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას უკავშირდება.
ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებასთან დაკავშირებით ბაირახტარმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
„ბოლო ორ თვეში ეროვნულმა ვალუტამ ორი ანტირეკორდი დაამყარა. თუ ქრონოლოგიურად გავყვებით, დავინახავთ რიგი სხვადასხვა პროცესის ჯაჭვს, მათ შორის – ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკასაც, ასევე, ეგზოგენურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებსაც. როგორც ასეთი, ერთ კონკრეტულ ფაქტორს რომ უკავშირდებოდეს მიმდინარე პროცესები, ასე არ არის. პირველი გაუფასურება ეროვნულმა ვალუტამ დაიწყო მაისის დასაწყისში და ის ორ მიმართულებას უკავშირდებოდა: პირველი – ტექნიკურს, ამ პერიოდისთვის, მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ფულის მასა, რაც ზეწოლას ზრდიდა ეროვნულ ვალუტაზე. ამ პერიოდშივე დაერთო ჩვენს მეზობელ და სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში, თურქეთში იქაური ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება, რამაც, პირველ ყოვლისა, ფსიქოლოგიური ფაქტორებით და შემდეგ ტექნიკურადაც გაზარდა ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე. ამ პერიოდში ეროვნულმა ვალუტამ ძალიან მალე დაიწყო პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრების შეთვისება და კურსმა დაიწყო ქვევით წამოსვლა, გაჯანსაღება. ამის პარალელურად, ეროვნული ბანკი მყისიერად ჩაერია და გამყარება ხელოვნურად შეაჩერა, ინტერვენციით ბაზრიდან 10 მილიონი დოლარი ამოიღო. ამას დაემატა ყოვლად არაპროგნოზირებადი ქმედება, რომელიც არის მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რაც ქვეყანაში რუსი დეპუტატის ჩამოყვანას უკავშირდება, რასაც გარკვეული სამოქალაქო დაძაბულობა დაერთო. შევთანხმდეთ, რომ ეს კარგი არ არის არც ეკონომიკისთვის, არც ეროვნული ვალუტისთვის, არც ბიზნესისთვის. ამის პარალელურად, მოსალოდნელიც იყო ის ნაბიჯები, რომელიც რუსეთის ფედერაციამ გადადგა“, – განაცხადა ბაირახტარმა.
მისივე თქმით, ლარის კურსზე უარყოფითად აისახა ტურიზმზე დაწესებული რუსული სანქციები და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინები.
„რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც თავის ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური შეხედულებებისამებრ იყენებს. ბოლოდროინდელ მოვლენებს მოჰყვა რუსეთის მხრიდან დაანონსებული ტურისტული სანქციები. რეგულაციები ეხება ფრენების შეზღუდვასა და რუსი ტუროპერატორებისათვის აკრძალვას, რომ მათ ტურისტებს საქართველოს საგზურები არ შესთავაზონ. რასაკვირველია, ეს პოზიტიური არ არის და ვერც იქნება. ეს უკვალოდ ვერ ჩაივლის ქართული ეკონომიკისთვის. შევხედოთ, თუ რამდენად შეუძლია ამას, ასე ვთქვათ, მკვლელი დარტყმა მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას – თუ შევხედათ სხვადასხვა მონაცემს, დავინახავთ, რომ ეს არცთუ ისე საგანგაშო არ არის, პირველი – თუ შევხედავთ იმ რუსი ვიზიტორების ნაწილს, რომლებმაც აქამდე ისარგებლეს ტუროპერატორების მომსახურებით და ისე ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, მათი რიცხვი მთლიან რაოდენობაში 1, 7 %-ს არ აღემატება. რაც შეეხება ფრენებს- თუ ჩვენ მთლიან მოცულობას შევხედავთ , ვიზიტორების 90 %-ზე მეტი შემოსულია სახმელეთო გზით. თუ ამ მონაცმებს გავითვალისწინებთ, ამას დამანგრეველი შედეგის მოტანა არ შეუძლია ჩვენი ეკონომიკისთვის. ამ მოცემულობით ეს ასეა.
ჩნდება კითხვა: ამ სანქციებს თუ არ შეუძლია ასეთი დარტყმის მიყენება, მაშინ რა დაემართა ლარს? ჩვენ დავინახეთ, რომ სანქციების გამოცხადებიდან მეორე დღეს ეროვნულმა ვალუტამ მყისირეად დაიწყო გაუფასურება. დროის მოკლე მონაკვეთში არცერთ სანქციას შეუძლია, ასეთი დარტყმა მიაყენოს ქვეყნის ეროვნულ ვალუტას. მაშინ რა მოხდა? აქ არის წმინდა მოლოდინების ფაქტორი. საზოგადოების ის ნაწილმა, რომელიც მონაწილეობას იღებს სავალუტო ვაჭრობაში, გააკეთა პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სანქციები პოზიტიურად არ აისახებოდა ეროვნულ ვალუტაზე. დაიწყეს მყისიერად ვალუტის მოშორება. ამით შეუქმნეს მნიშვნელოვანი წნეხი ეროვნულ ვალუტას. მათი მიდგომაც გასაგებია. ამ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის არავის აუხსნია, თუ რა შეიძლებოდა, მომხდარიყო; რამხელა იყო რისკები; იყო თუ არა მსგავსი რისკები. კომუნიკაცია არ ყოფილა. თუ დააკვირდებით, დაინახავთ , რამდენი დღეა მკვეთრად უფასურდება ეროვნული ვალუტა და მხოლოდ გუშინ გააკეთა ცენტრალურმა ბანკმა განმარტება წერილობით. ასეთ რეალობაში ეს სწორი არ არის“, – განაცხადა ბაირახტარმა.
მისივე პროგნოზით, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეროვნულმა ვალუტამ პოზიციების გამყარება უნდა დაიწყოს.
„რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას – უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუარესებული არ არის. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელიც სახეზე გვაქვს, თუ არ ჩავთვლით უცხოურ ინვესტიციებს, რომელიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, პრინციპში გაუმჯობესებულია. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს იგივე დივერსიფიცირება ტურისტული ნაკადების მიმართულებით. როგორც მაქვს ინფორმაცია, აღნიშნული სანქციების შემდეგ თავად რუსი ვიზიტორების დიდ უმრავლესობას ჯავშნები არ გაუუქმებია, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ მათი პრეზიდენტის მოწოდება, მაინცდამაინც, გულთან ახლოს არ მიუტანიათ.
საშუალოვადიან პერსპექტივაში თუ შევხედავთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ეროვნულმა ვალუტამ უნდა დაიწყოს მნიშვნელოვნად პოზიციების გამყარება. არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრები ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ დღეს კურსი იყოს ისე, როგორც არის. თუმცაღა, ამას აქვს გარკვეული მიზეზები. პირველი, ეს არის ცენტრალური ბანკის არასწორი პოლიტიკა. ცენტრალური ბანკი ერევა მაშინ, როცა არის გარკვეული ფსიქოლოგიური, საშინაო ფაქტორები, რისი განეიტრალებაც ხელეწიფება ცენტრალურ ბანკს. ჩვენთან ცენტრალური ბანკი სრულად იცილებს პასუხისმგებლობას ეროვნულ ვალუტაზე, ერთადერთი რასაც მისგან ვისმენთ, არის მშრალი ფრაზა, რომ ის მხოლოდ ფასების სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი და მას ეროვნული ვალუტა არ ეხება, თითქოსდა, ეროვნული ვალუტა პრობლემას არ უქმნიდეს სხვადასხვა ბიზნესსა და რიგით ადამიანებს”, – განაცხადა ბაირახტარმა.
შეგახსენებთ, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8791 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს და სავალუტო კურსზე სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის – მოლოდინებიც.
შესაბამისად, იმათი თქმით, “ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების შესახებ ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზეც ისახება”.
თამუნა შეყილაძე