თამარ მახარობლიძე: ის ბრალდებულია და მისი ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ მხოლოდ განაჩენის გამოცხადებისას გავიგებთ
სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასთვის გირაოსა და შინაპატიმრობის შეფარდების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ნიკა მელია არ დააკავეს, მაგრამ პრაქტიკულად ეს არის სწორედ (შინა)პატიმრობა.
„დღეს ნიკა მელია არ დააკავეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ასევე, დააკისრა დამატებითი ვალდებულებები. კერძოდ, საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; დამატებითი ვალდებულებების დაკისრების გარეშე სასამართლომ მიიჩნია, რომ სრულად ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი აღკვეთის ღონისძიების მიზნები. დამატებითი ვალდებულებების დაკისრების პირობებში კი, პრაქტიკულად ეს არის სწორედ (შინა)პატიმრობა.
აღკვეთის ღონისძიების შერჩევას კავშირი არ აქვს მის ბრალეულობასთან. ის ბრალდებულია და მის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ მხოლოდ საქმის განხილვის დასრულების შემდგომ, განაჩენის გამოცხადებისას გავიგებთ“. – წერს თამარ მახარობლიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ მიიღო.