ვანო ზარდიაშვილი: ოპონენტები ხრიკებით შეეცადნენ ნიკა მელიას გმირად წარმოჩენას

“გუშინ ოპონენტების შეხედულება ვიხილეთ, რომ დეპუტატები ნიკა მელიას აპატიმრებდნენ. ეს, როგორც ყოველთვის, ცილისმწამებლური, სიცრუის კამპანია აღმოჩნდა. ხრიკებით შეეცადნენ, ის გმირად წარმოეჩინათ. დარბაზში მარტო დატოვეს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, თუ რისი კადრება შეუძლია ნიკა მელიას.
“ეს პროცესი ცალსახად შედეგია ახალი კონსტიტუციისა, რომელმაც საშუალება მისცა ხელისუფლების შტოებს, დამოუკიდებლად იმოქმედონ.
შესაბამისად, მოცემულობა მივიღეთ, როცა პროკურატურა, როგორც კონსტიტუციური ორგანო, რომელიც კონსტიტუციით გამყარდა და არ შეეშინდა ოპოზიციის ზეწოლას. ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს. ასევე, პარლამენტი არ მოერიდა პოლიტიკურ წნეხსა და იმ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელსაც ოპოზიცია ახორციელებდა და იმუნიტეტი მოუხსნა ნიკა მელიას, რომ საგამოძიებო ორგანოებს საშუალება ჰქონოდათ, ნიკა მელიასთვის ბრალი წარედგინათ და მისი ბრალეულობის საკითხზე ემსჯელათ. ამან ის საშუალება მოგვცა, რომ გუშინ ოპონენტების შეხედულება ვიხილეთ, რომ დეპუტატები ნიკა მელიას აპატიმრებდნენ. ეს, როგორც ყოველთვის, ცილისმწამებლური, სიცრუის კამპანია აღმოჩნდა. ხრიკებით შეეცადნენ, ნიკა მელია გმირად წარმოეჩინათ. დარბაზში მარტო დატოვეს. მთელმა საზოგადოებამ იცის, ნიკა მელია რისი მკადრებელია, როგორი მოძალადეა. მოცემულობა შეიქმნა, როცა საქმე სასამართლოში წავიდა. პროკურატურის მოთხოვნა იყო პატიმრობა. 92 დეპუტატმა მხარი დაუჭირა იმას, რომ სასამართლოს ემსჯელა და პროკურატურას ემუშავა.
სასამართლოს გადაწყვეტილება ვნახეთ, რომ, პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად, სხვა ასპექტებზე არ უფიქრია და გადაწვეტილება მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. ეს გადაწყვეტილება სწორია თუ არა, ამაზე მსჯელობა არ შეიძლება. ეს არის მართლმსაჯულების გადაწყვეტილება. ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მელიას იმუნიტეტის მოხსნას დავუჭირე მხარი, ეს პროცესი მომწონს. მომწონს, რომ საქართველოში მუშაობს ახალი კონსტიტუცია, რისთვისაც მადლობას ირაკლი კობახიძესა და მმართველ გუნდს ვუხდი. დღეს აბსოლუტურად ახალ საქართველოში გავიღვიძეთ. დღეს სასაცილო ის იყო, რომ ოპონენტებს “ნაციონალური მოძრაობიდან” კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ისინი მზად იყვნენ, დაეგმოთ სასამართლო, პარლამენტი და ეს პროცესი წარმოეჩინათ, როგორც მარგინალური პროცესი, მაგრამ დაბნეულები ვნახეთ, რომლებიც დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ელოდნენ. ფსონებს აიღებდნენ, რომ სასამართლო ასიდან ას შემთხვევაში პატიმრობას გამოიყენებდა”, – წერს ვანო ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები