აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია 2024 წელს დასრულდება

აწყურის ღვთისმშობლის ტაძარზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესისას, 2 დღის წინ, ისტორიული გუმბათის ჯვრის ქვის ბაზისი გამოვლინდა. რესტავრატორების მიერ აღმოჩენილ ქვის არქიტექტურულ დეტალზე ასომთავრული წარწერაა, რომელზეც პირველადი მონაცემებით – „მეფეთ მეფე ბაგრატი“ აწერია. ახლად გამოვლენილ არქიტექტურულ დეტალზე წარწერას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის სპეციალისტები გაეცნენ და ისტორიული კონტექსტის დასადგენად საფუძვლიანად შეისწავლიან. შესწავლის პროცესში ჩაერთვება სააგენტოს მხრიდან აწყურის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციაზე ზედამხედველი არქიტექტორ-რესტავრატორიც.
პარალელურად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო პროექტში მნიშვნელოვანი კორექტირება განხორციელდება, რაც თუნუქის სახურავის ნაცვლად, ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტრადიციული ქვის ლორფინით გადახურვას ითვალისწინებს. საპროექტო დოკუმენტაციაში სამუშაოების კორექტირება სარეაბილიტაციო პროცესის დამფინანსებლის, ფონდ “ქართუს“ ინიციატივის საფუძველზე განხორციელდება, რაც უმნიშვნელოვანესი საკულტო ნაგებობის სრულფასოვანი რესტავრაციისთვის დამატებით 4 მილიონი ლარის გამოყოფას გულისხმობს. პროცესში შეტანილი ცვლილებების მიზეზით, აწყურის ტაძრის რესტავრაციის ვადა 2 წლით გადაიწევს და ის 2024 წელს დასრულდება.
უწყვეტად მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესი ამჟამად აქტიურ ფაზაში იმყოფება, რაც ნაგებობის თაღოვანი კონსტრუქციების მოწყობას გულისხმობს. არსებული გეგმის მიხედვით, ფიზიკური სამუშაოების შედეგად მიმდინარე წელს ტაძრის ტანის ყველა არქიტექტურული სეგმენტი დასრულდება. მომდევნო წლიდან სარესტავრაციო პროცესი, რომელსაც კომპანია “ივერთმშენი” ახორციელებს, აწყურის გუმბათის ყელის მშენებლობას მოიცავს.
აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია ფონდი “ქართუს” და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით 2016 წელს დაიწყო. ფონდი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 12, 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს. აღდგენილ ტაძარზე ქვის უძველესი არქიტექტურული დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება.
აწყური პირველ საუკუნეშივე იქცა რელიგიურ ცენტრად.
ისტორიკოსების ვარაუდის მიხედვით, აწყურის საკათედრო ტაძარი მეთერთმეტე საუკუნის ძეგლია, რომლის თავდაპირველი მშენებლობის შესახებ ისტორიული ცნობები შემორჩენილი არაა. მიწისძვრით დანგრეული ეკლესია XIV-XV სს-ში სამცხის მმართველმა ათაბაგებმა -ჯაყელებმა აღადგინეს ტაძარი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით, ისტორიული მნიშვნელობითა და გამორჩეული მონუმენტურობით, ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია.
ცნობილია, რომ დიდი ხნის განმავლობაში აქ იყო დაბრძანებული აწყურის სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი.
ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციას ფონდი „ქართუ“ დაარსებიდან – 1995 წლიდან ახორციელებს. „ქართუს“ მიერ 900-ზე მეტი კულტურული და ისტორიული ძეგლი და ეკლესიაა რესტავრირებული.
მიმდინარე წელს. ძეგლების აღსადგენად 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – 6 მილიონი ლარი. რეგიონში უკვე აღდგენილია 40-მდე ისტორიული ძეგლი. მათ შორისაა ვარძიის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში აღდგა გრუნტით დაფარული გამოქვაბულები და სამონასტრო კომპლექსი 20 %-ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები