ირაკლი სესიაშვილი: შავბნელმა ძალამ მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ აქტში გადაზარდა, ამას ერთმნიშვნელოვანი შეფასება სჭირდება

0

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქცია შავბნელმა პოლიტიკურმა ძალამ ძალადობრივ აქტში გადაზარდა.
მისივე შეფასებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხალხი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
“ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი ემოციები და გარანტია და პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ ქვეყნის მშვიდობაზეც, სტაბილურობაზეც, უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებზეც. ამ დარბაზიდან საზოგადოება ელის არა ჩვენი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დემონსტრირებას, არამედ – ობიექტურ შეფასებებსა და დასკვნების გამოტანას. რაც იმ საღამოს მოხდა, ძალადობრივ აქტს ვგულისხმობ, იყო საფუძვლიანი პროტესტი, რაზეც აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი გაეცა ყველასგან. იმის ნაცვლად, რომ ეს ერთიანობა შეგვენარჩუნებინა, მაშინვე შავბნელ პოლიტიკურ ძალებს გაუღვივდათ პოლიტიკური მადა და მშვიდობიანი მიტინგი ძალადობრივ აქტში გადაზარდეს. ამას სჭირდება ერთმნიშვნელოვანი შეფასება, ამაზე უნდა ითქვას, რომ დიახ, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ამ პოლიტიკურმა შავმა ჭირმა, დაგეგმა, ორგანიზება მოახდინა ამ ძალადობრივი აქტის, გამოიყენა ხალხი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, თავი აარიდა ყველანაირ პასუხისმგებლობას და შეტევა განახორციელა სახელმწიფო ინსტიტუტებზე მინიმუმ მათი დასუსტების, ქვეყნის დასუსტების მიზნით და, რა თქმა უნდა, მიზანი და ამოცანა იყო, რომ რევოლუციურ აქტში გადაეზარდათ. ეს არის სამარცხვინო ქცევა, ამას სჭირდება ერთმნიშვნელოვანი შეფასება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
​იგი სამართალდამცველების უფლებამოსილების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორი საათის განმავლობაში პოლიცია მოთმინებით იცავდა ქვეყნის ინსტიტუტს.
​სესიაშვილის თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოება უნდა დაიცვას შავი ჭირისგან, რომელსაც “ნაცმოძრაობა” ჰქვია.
“მე მინდა, პოლიციის მოქმედება შევაფასო იმიტომ, რომ ბევრი საუბრობს მათ ქმედებაზე ? რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ იმაზე პასუხისმგებლობას, რაც მოხდა, მაგრამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. პოლიცია ორი საათის განმავლობაში სრული მოთმინებით, აბსოლუტურად ძალადობრივი რეაგირების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ლეგიტიმური და კანონიერი უფლება ქონდათ, შეიძლება ვალდებულებაც, იდგნენ და იცავდნენ ქვეყნის ინსტიტუტს, ჩვენს მოქალაქეებს. ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა იქ და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც – ჭყლეტვაში. შემდგომ დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა და ეს იყო იძულებითი აუცილებლობა, როდესაც ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში ასე მოთმინებით იდგნენ და ეს იყო ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომ არა, ამ ქვეყანაში არ შეიძლება ძალადობა და ეს უნდა შეიგნოს ყველამ. მაგრამ სირცხვილი იმათ, ვინც, ერთი რომ, ამ ძალადობისკენ მოუწოდებდა, მეორე სირცხვილი იმათ, რომ დაინახეს ასეთი მაღალი რისკი იყო ჯანმრთელობის დაზიანების, ერთი ნაბიჯი, ერთი მოწოდება არ გააკეთეს. სირცხვილი იმათ, ვინც მიატოვეს ეს ადამიანები და გაიქცნენ, დაიმალნენ და სირცხვილი იმათ, ვისაც არ ეყოთ გამბედაობა და დღესაც ვერ გაემიჯნენ იმიტომ, რომ პოლიტიკური მადა მათი არის, აი, ამ ეშმაკზე ჩამოკიდებული. ამიტომ, თუ ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზე, დიახ, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, სადაც პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას. ამაზე მკაფიოდ ვთქვით, რომ ამაზე დადგება პასუხისმგებლობა და 10 პოლიციელს უფლებამოსილება აქვს შეჩერებული და ორი პოლიციელის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი პროცესი. მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ ჩვენ ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ ჩვენ საზოგადოებას და დავიცვათ შავი ჭირისგან, ამ პოლიტიკური ჭირისგან. მეორე მხრივ, ადეკვატურები უნდა ვიყოთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნების მიმართ. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რაც მოხდა – უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი გადადგა, ჩვენმა კოლეგამ დატოვა მანდატი. ჩვენ გადავდივართ ძალიან დემოკრატიულ პროცესში”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი