“თუკი ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა აუხსნას, რატომ ეწინააღმდეგება ნულოვან ბარიერს”

„ოპოზიციას ეძლევა შესაძლებლობა, დაამტკიცოს, რამდენად გულწრფელი იყო თავის მოწოდებებსა და ხედვებში“, – ამის შესახებ ინფრასტუქტურის მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მაია ცქიტიშვილმს განაცხადა.
ვიცეპრემიერის თქმით, უახლოესი სესიის დასრულებისთანავე, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, საზოგადოებასთან, საარჩევნო სისტემით დაინტერესებულ ყველა ჯგუფთან, მმართველი ძალა დაიწყებს ღია დიალოგს, რათა მოხერხდეს ისეთ მოდელზე შეჯერება, რაც ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანებს უპასუხებს.
„თუ რომელიმე პარტიას აქვს არაკონსტიტუციური გზით ჩვენს ქვეყანაში ვითარების შეცვლის სურვილი და, სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ, რომ ნამდვილად არიან ასეთი ძალები, რომელთაც მხოლოდ დამხობისა და რევოლუციის გზით შეუძლიათ მოქმედება, რა თქმა უნდა, ესეც გამოჩნდება და ნათლად დაინახავს საზოგადოება, რა ინტერესი ამოძრავებთ სინამდვილეში ამ ადამიანებს. ნამდვილად გაუჭირდება არა მარტო „ქართულ ოცნებას“, არამედ – ნებისმიერ სხვა ძალასაც, იმ ადამიანებთან დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდობას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდნენ და ცდილობდნენ, ის გულწრფელი პროტესტი, რაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გამოიწვია, წარემართათ მასობრივი არეულობისკენ“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამის მიუხედავად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ სურვილია, დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მაქსიმალური მონაწილეობით წარიმართოს, რადგან ეს საკითხი არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებსაც ეხებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები