გიგი წერეთელი: არც გავრილოვს და არც ქვეყნის სხვა წარმომადგენლებს არ ვიცნობდი

„არც გავრილოვს და არც ქვეყნის სხვა წარმომადგენლებს არ ვიცნობდი. ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ პროტოკოლური სურათი გადაიღეს და წავიდნენ“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც მას რუსეთის დუმის დეპუტატთან – სერგეი გავრილოვთან ფოტო აქვს გადაღებული.
ამასთან, გიგი წერეთელი სოციალურ ქსელში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წუხს, რომ ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.
„ვწუხვარ, რომ საქართველოში არ ვარ და ვერ ვახერხებ, შევუერთდე ჩემი მეგობრებისა და მთელი საზოგადოების სამართლიან პროტესტსა და აღშფოთებას.
რუსი დეპუტატის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჯდომა გაუგონარი პოლიტიკური სიბეცე და ყველანაირად მიუღებელი ფაქტია. ეს რატომ მოხდა, ამას პასუხიც და პასუხისგებაც სჭირდება!
ახლა მითხრეს, რომ ფბ-ზე ფოტო ვრცელდება, რომელიც მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩემთან აქვთ გადაღებული ვენაში 6 თვის წინ,
ეუთო-ს სესიის მიმდინარეობის დროს.
განმარტებას ვაკეთებ, თუ ვინემ რამე ვერ გაიგო ან კითხვა აქვს –
ამ ორგანიზაციის დელეგაციამ, რომელსაც ბერძენი გენ.მდივანი ხელმძღვანელობდა, ითხოვა შეხვედრა ჩემთან, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან. არც გავრილოვს და არც ქვეყნის სხვა წარმომადგენლებს არ ვიცნობდი და პირველად ვნახე ისინი, ზაქრო ქუცნაშვილის გარდა. ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ პროტოკოლური სურათი გადაიღეს და წავიდნენ.
ათეულობით ასეთი შეხვედრა მაქვს ვენაში თუ სხვა ქვეყნებში სესიების დროს და ასობით სურათს ვიღებ სხვადასხვა დელეგაციასა თუ პიროვნებასთან.
ამიტომ, თუ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად იქ ეს გავრილოვიც იყო, ახლა ჩემთვისაც სასიამოვნო არ არის, მაგრამ პარლამენტში მომხდარ სამარცხვინო ამბავთან რა შუაშია საერთოდ? ამას მხოლოდ უჭკუო პროვოკატორები ან “გავრილოვები” თუ მოიფიქრებენ“, – წერს გიგი წერეთელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები