ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გორისციხე-ვარდისუბნის დამაკავშირებელი დროებითი ხიდი გაიხსნა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 11 ივნისს ადიდებულმა მდინარე თერგმა სოფლების – გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა. საქართველოს პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის მხარდაჭერითა და თავდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობით, დროებითი ხიდის სამონტაჟო სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, 30 მეტრის სიგრძის პანელური ტიპის სახიდე გადასასვლელი, ამ ეტაპზე, უკვე ექსპლოატაციაშია. სოფლების: გორისციხის, ფხელშესა და ტყარშეტის 1000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა აქვს უსაფრთხოდ გადაადგილდეს.
ადგილზე არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული – შალვა კერესელიძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
იგეგმება გორისციხე-ვარდისუბნის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა. ადგილობრივი თვითმმართველობა საპროექტო სამუშაოებზე ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.