ზურაბ აბაშიძე: „დედაქალაქის უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას გაწერილი ყველა პრიორიტეტი, პროგრამა და პროექტი წარმატებით განხორციელდეს“
„უპრეცედენტოა თბილისის ბიუჯეტის პროექტის ის მოცულობა, რომელსაც დღეს ვამტკიცებთ. ორ მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის ბიუჯეტი დედაქალაქის ისტორიაში არასდროს ყოფილა“, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა, სადაც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
მისი თქმით, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიასთან ერთად აღნიშნულ პროექტზე დეტალურად იმუშავა და მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი საკრებულოს კომისიებში განიხილა. ზურაბ აბაშიძის თქმით, ბიუჯეტის ასეთი მასშტაბური მოცულობა ყველა პრიორიტეტის და პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა.
„2026 წლის ბიუჯეტის პროექტი მოწონებულია, რადგან უპრეცედენტოა ის, რასაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ. დედაქალაქის ისტორიაში პირველად გვაქვს ამ მოცულობის ბიუჯეტი და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გაწერილი ყველა პრიორიტეტი, პროგრამა და პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტის მოცულობა მომავალი წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.