ნინო ლაცაბიძე: მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ უნდა აისახოს არცერთი საწარმოს საქმიანობა, სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მიზანი და მოთხოვნა, რომელსაც საწარმოებს ვუყენებთ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, რუსთავში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების საკითხები განიხილეს.

„სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად შევხვდით საწარმოების წარმომადგენლებს და მათგან მოვისმინეთ ინფორმაცია მიმდინარე საკითხებზე, რომლებმაც პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. საზოგადოების მხრიდან რა თქმა უნდა, მაღალია ინტერესი, თუ როგორ მუშაობენ საწარმოები რუსთავში და რას აკეთებენ იმისთვის, რომ მოხდეს გადაიარაღება და თანამედროვე სტანდარტების დანერგვა. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ უნდა აისახოს არცერთი საწარმოს საქმიანობა, სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მიზანი და მოთხოვნა, რომელსაც საწარმოებს ვუყენებთ”, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა, სამინისტრო რუსთავში არსებული საწარმოების უფრო აქტიურ მონიტორინგს განახორციელებს.

„დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ გარკვეული საკითხების იდენტიფიცირება მომხდარიყო. რუსთავის მოსახლეობამ იცის, რომ ქალაქში ბოლო პერიოდში გახშირდა სუნის პრობლემა, ასევე გარკვეული საწარმოების მხრიდან გამოფრქვევის პრობლემებიც იყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ აქტიურად გაგრძელდება სამინისტროს მხრიდან მონიტორინგი იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა.
მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ქალაქ რუსთავში, ბოლო წლების განმავლობაში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია, თუმცა გამოწვევები ისევ არსებობს.

„რუსთავში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა იმისათვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვაა, რომელიც დღეს თითქმის ყველა საწარმოს აქვს. თუმცა, ბოლო პერიოდში რუსთავში შეიმჩნევა უსიამოვნო სუნის გავრცელება და ჰაერის დაბინძურების კუთხით გამოწვევები კვლავ აქტუალურია. სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა შეხვედრა საწარმოების წარმომადგენლებთან “, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

ბიზნესსექტორთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქალაქ რუსთავში მოქმედი საწარმოების კონტროლს კიდევ უფრო გააძლიერებს. გარემოს დაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, რუსთავში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის შესაბამისი სტანდარტების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და მათი საქმიანობის მონიტორინგის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები