დაიბადა კახეთში, ახმეტის რაიონის სოფელ ხორხელში. ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 24 წელი იმუშავა ფინანსისტად. პარალელურად ბავშვობიდან გამოყოლილი ხელოვნების სიყვარული არ ტოვებდა. და აი, სიახლეების ძებნაში მიაგნო საკუთარ საყვარელ საქმეს – მინიატიურული სახლების დამზადებას… ძირითადად იყენებს ბუნებრივ მასალას – ხეს, ბამბუკს, სელის თოკს, პოლიმერულ თიხას, ქაღალდს, ბამბას… მის გვერდზე უკვე გამოჩნდა საახალწლოდ მორთული თოვლში ჩაძირული ულამაზესი სახლები. – თვითნასწავლი დიზაინერის, ლალი მჭედლიშვილის პერსონა.
– ხელსაქმე ბავშვობიდანვე მიყვარდა, ვქსოვდი, ვკერავდი, ვქარგავდი… სულ სიახლეებს ვეძებდი, თითქოს საკუთარ თავს ვეჯიბრებოდი: აბა, ამას თუ შევძლებდი, და ეს თვისება ბოლომდე გამომყვა.
– საქართველოს ყველა კუთხის მინიატიურული სახლი გაქვთ დამზადებული. შთაგონება თუ გჭირდებათ?
– მინიატურების იმპროვიზაციის წყარო გახდა ნაძვის ხე, რომელიც რამდენიმე წლის წინ საახალწლოდ უნდა ამეწყო. მივხვდი, რომ რაღაც სხვანაირი, სხვებისგან განსხვავებული, ქართული ელემენტებით მინდოდა. გავაკეთე მრგვალი ბურთები და ჩავსვი იმერული ოდა და კახური სახლი. იდეა მომიწონეს ოჯახის წევრებმა.
ამას მოყვა, მეგრული, გურული, სვანური, თუშური, ქალაქური სახლები, ფაქტობრივად, ახალ წელს მთელი საქართველო ჩემს ნაძვის ხეზე იყო.
შემდეგ გავაკეთე იესოს შობის სიუჟეტი, რომელიც ძალიან საინტერესო გამოვიდა. ჩემი პირველი ნამუშევარი იმდენად მიყვარს, რომ ალბათ არასოდეს გავაჩუქებ, მით უმეტეს, რომ დროთა განმავლობაში ნამუშევრები უფრო დაიხვეწა.
– ერთი სახლის ისტორია…
– ყველა სახლს თავისი ისტორია აქვს. როდესაც რომელიმე სახლზე ვმუშაობ, იმ მომენტში იქ ვცხოვრობ, თითქოს იქ მცხოვრებლებს ვიცნობ, ვესაუბრები.
ყველაზე ძალიან გამიჭირდა ჩემი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრის, დაშლის პირას მისული ოდის გაკეთება. გაკეთების პროცესი ძალიან ემოციური იყო, მეტირებოდა (ალბათ ასაკის ბრალია) და ბოლომდე ჩამოშლილი ვერ გავაკეთე. თან ველაპარაკებოდი, ნუ გეშინია, აგაწყობენ და ისევ ისეთი ამაყი იქნები-მეთქი. დაშლილი ფიცრებიც კი იქვე დავუწყე, ბოლომდე ვერ გავწირე.
– ბებიის ძველი სახლიც დაამზადეთ…
– ჩემთვის დიდ ემოციას იწვევს ბებიაჩემის და ჩვენი ძველი სახლი, რომლებიც ფიზიკურად აღარ არსებობს. ჩემი და-ძმის და დეიდაშვილების დახმარებით აღვადგინე. როდესაც ვუყურებ, შეუძლებელია იმ ემოციის გადმოცემა, რასაც განვიცდი, მგონია, ბებია გამოვა სახლიდან, დაგვიძახებს ან ეზოში გამოჩნდება.
– რამდენი ხანი სჭირდება ერთი სახლის „აშენებას“?
– თითოეული სახლის გაკეთება ძალიან დიდ დროს და შრომას მოითხოვს, ვინაიდან ყველაფერი ხელით კეთდება, პატარა დეტალები კი მიკროსკოპის და პინცეტის დახმარებით. შესაძლებელია ერთი სახლის გაკეთებას ერთ თვეზე მეტი დრო დასჭირდეს.
– ახალი წელი მოდის, უკვე გამოჩნდა საახალწლოდ მორთული სახლები, რომლებიც ბევრს გაულამაზებს სადღესასწაულო დღეებს…
– ზამთრის სახლები ძალიან მიყვარს, საახალწლო განწყობას ქმნიან, ახარებს როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს. წინასწარ მოგილოცავთ შობა ახალ წელს, სრულიად საქართველოს, მშვიდობიან და გაერთიანებულ საქართველოში გვეცხოვროს.
მომავალზე ვერაფერს ვიტყვი, ყველაფერი ღმერთის ნებაა, თუ ვინმეს ენდომება მისი წარსულის ტკბილი მოგონებების გაცოცხლება, შეძლებისდაგვარად დავეხმარები .








თამარ შაიშმელაშვილი