ორანჟერეის პროექტი სწორადაა გააზრებული – ლევან ბერიძე
არქიტექტორი ლევან ბერიძე მიიჩნევს, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეის მოწყობის პროექტი სწორადაა გააზრებული და არქიტექტურული თვალსაზრისითაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც ლევან ბერიძე განმარტავს, ახალი პროექტი ნამდვილად აჯობებს “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრს, რომელიც ორანჟერეამ უნდა ჩაანაცვლოს.
“რა თქმა უნდა, ამ ადგილას ორანჟერეა გაცილებით მიზანშეწონილია, ვიდრე ავტოსალონი. პროექტი მწვანე არქიტექტურის პრინციპზეა აგებული და რეკრეაციულ სივრცეებს მოიცავს. ორანჟერეის საგამოფენო-დასასვენებელი ფუნქცია ბევრად უფრო მისაღებია, ვიდრე არსებული მოცემულობა. პროექტი არქიტექტურულადაც საკმაოდ კარგად გამოიყურება და ვფიქრობ, სწორადაა გააზრებული.” – აცხადებს არქიტექტორი.
შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე ამჟამად “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია “ანაგმა” ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული და ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. პროექტის ავტორი კომპანია „სტუდია 9„-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჩხაიძეა.
მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.
პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.
მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.