ცხოველის წამება, მოკვლა ან დასახიჩრება პატიმრობით ისჯება

ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები გამკაცრდა.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა განაცხადა, მერიის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დამტკიცა.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა – პატიმრობა.
„ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოვახდინეთ და საქართველოს პარლამენტმა ის მესამე მოსმენით მიიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მინდა, პარლამენტის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო. ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა – პატიმრობა. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ვნახეთ, თუ როგორ კლავდნენ და ასახიჩრებდნენ ცხოველებს. ეს ძალიან მძიმე სანახავია და ამ მიმართულებით  კანონის გამკაცრება მნიშვნელოვანია. ასევე, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ადმინისტრაციული სახდელის ზომა გაიზარდა 500 ლარამდე. არასრულწლოვნის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, მშობლის პასუხისმგებლობა განისაზღვრა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საშუალებით, სამომავლოდ, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობის ფაქტების პრევენცია მოხდება.}
„აღნიშნული ცვლილებებით, რა თქმა უნდა, კანონი შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და რაც მთავარია, დადგენილი ნორმები და ჩვენს მიერ განხორციელებული ცვლილებები პრევენციას მოახდენს, რომ სამომავლოდ, მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ჰქონდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები