ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრი, ირინა ფრიზი ეწვევა

საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 13-14 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით, უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრი – ირინა ფრიზი და მისი პირველი მოადგილე, გრიგორ გალაგანი ეწვევიან.

ვიზიტის მიზანია  საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მუშაობის, სტრატეგიის, მიმართულებების, პრიორიტეტების გაცნობა და უწყების გამოცდილების გაზიარება. ირინა ფრიზი, მისი მოადგილე, უკრაინის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი, ოლეგ ორლოვი და საქართველოში უკრაინის საელჩოს პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს  13 ივნისს, 11:00 საათზე ეწვევიან, სადაც ოფიციალური შეხვედრა გაიმართება.
ვიზიტად მყოფი სტუმრები გაეცნობიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მუშაობის პრინციპებს, სტრატეგიულ ამოცანებს, ადმინისტრაციულ მოწყობას და პრიორიტეტებს. გაიმართება პრეზენტაცია, რომელსაც უწყების დირექტორი, გენერალი ვლადიმერ იმნაძე წარადგენს.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია “ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტალისა” და “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საპროტეზო-ორთოპედიული ცენტრის” დათვალიერება; 14 ივნისს, “ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტალის” უფროსის, ლევან ჯუღელს პრეზენტაცია ომის ვეტერანთა ჯანმრთელობის დაცვის გასაუმჯობესებლად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.
ასევე, დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ორ უწყებას შორის და ვეტერანთა სოციალური, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ერთობლივი პროექტების შემუშავება.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ვეტერანთა საქმეების სამინისტრო ახლადჩამოყალიბებულია. საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, როგორც რეგიონში სამაგალითო უწყების მუშაობის გამოცდილების გაზიარება, უკრაინულ მხარეს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შესაბამისმა უწყებებმა ურჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები