კახა კალაძე „ბილდინგ დეველოპერის“ შესახებ, ოპოზიციის განცხადებებს, სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს

თბილისის მერი სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აცხადებს, რომ თბილისის მერიას, თავად მერსა და მის მოადგილეს არანაირი კავშირი აქვს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან.
კახი კალაძის განმარტებით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი, ჯაბა ხმალაძე გამოცდილი სპეციალისტია, თუმცა ის მერიაში არ მუშაობს და, მის საქმიანობასთან დაკავშირებით ინტერესის შემთხვევაში, მედიამ კითხვები შესაბამის უწყებას უნდა დაუსვას.
„ოპოზიციას ვურჩევ, ცოტა დამაჯერებელი ტყუილი მოიფიქროს. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისინი იმით მაინც იყვნენ პოპულარულები, რომ ოსტატურად ატყუებდნენ ხალხს, ბევრ რამეს აჯერებდნენ, შექმნეს ვირტუალური საქართველო, სადაც ყველას ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ყველა ბედნიერი იყო და ყველაფერი მაგრად მიდიოდა, მაგრამ ახლა უკვე ტყუილებიც არ გამოსდით. ამ საკითხთან რა შუაშია მერია, კახა კალაძე და ირაკლი ხმალაძე? გაზის ტრანსპორტირების კომპანია არის ცალკე სტრუქტურა. არავის მივცემთ უფლებას, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, რისი მცდელობაც აქვთ. რაც შეეხება ირაკლი ხმალაძის ძმას – ის გამოცდილი, პროფესიონალი სპეციალისტია, რომელიც მერიაში არ მუშაობს. „ბილდინგ დეველოპერთან” დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე კითხვა, დაუსვით შესაბამის უწყებას და არა – დედაქალაქის მერიას. მერიის საკითხებთან მიმართებით არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე თემას გავქცეოდით. ჩვენს გადაწყვეტილებებზე ყოველთვის პასუხისმგებლები ვართ, გვეამაყება, რასაც თბილისისა და თბილისელებისთვის ვაკეთებთ და ეს ასე გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, საკრებულოს დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ ხელმძღვანელს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, კახა კალაძე და მისი მოადგილე – ირაკლი ხმალაძე მფარველობენ.
მისივე თქმით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი კახა კალაძის პირველი მოადგილის, ირაკლი ხმალაძის ძმა, ჯაბა ხმალაძეა.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორი დააკავა.
სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 14 დეკემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დიდი ოდენობით თაღლითობისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები