ლაურა ღაჭავა სამართლებრივ ბრძოლას აპირებს და საქართველოში უცხოელი ექსპერტები ჩამოჰყავს

„ლილო სითის” მესაკუთრე, ლაურა ღაჭავა სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს და ხანძრის გაჩენის მიზეზის დასადგენად უცხოელი ექსპერტები ჩამოყვანას აპირებს.
როგორც ლაურა ღაჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უცხოელი ექსპერტები საქართველოში 2-3 დღეში ჩამოვლენ.
„ხანძართან მიმართებით დღის ბოლომდე დავიცდით, ვნახავთ, რა პასუხებს მივიღებთ და ამის მიხედვით ხვალ დავიწყებ ფიქრს. ექსპერტები ჩამომყავს ევროპიდან საქმის შესასწავლად. ალბათ, 2-3 დღეში ჩამოვლენ“, – განაცხა ლაურა ღაჭავამ.
ღაჭავას განცხადებით, ის, ჯერჯერობით, პირდაპირ არ უკავშირებს განვითარებულ მოვლენებს თავის საქმიანობას, თუმცა აღნიშნავს, რომ ბევრი კითხვა არსებობს.
ღაჭავა არ გამორიცხავს, რომ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყოს.
„ჯერჯერობით, ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ყველა ინსტანციაში განაცხადი, წერილები გვაქვს შეტანილი და გვაინტერესებს რეაგირება. პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ალბათ, ხვალამდე დაველოდებით, რადგან, სავარაუდოდ, ხვალამდე ექსპერტიზის დასკვნასაც მივიღებთ. შემდეგ უკვე იძულებულნი გავხდებით, რომ ყველანაირად დავიწყოთ სამართლებრივი ბრძოლა. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. პირველ ყოვლისა, ჩემთვის მთავარია, რომ ანგარიშზე ინკასო და ყადაღა მოიხსნას. შესაბამისი ორგანიზაციებიდან თუ პასუხს არ მივიღებთ, მერე იძულებულები გავხდებით, რომ ევროპაში წავიდეთ და სარჩელი იქ შევიტანოთ. 25 დღე წარმოებისთვის ძალიან დიდი დროა, რადგან გამიჩერდა სამკერვალო ფაბრიკა, უცხოელებთან კონტრაქტს ვერ ვდებთ, იმ მიზეზით, რომ ანგარიშია დაბლოკილი და საჭირო თანხას ვერ მირიცხავენ. ასევე, ფული ვერ შეგვაქვს ბიუჯეტში, ვერც ხელფასს ვარიგებ და ბანკში პროცენტები ვერ შემაქვს. ამდენად, ვითარება იმგვარად მიდის, რომ ნელ-ნელა, მიზანმიმართულად მაკოტრებენ. ყველა ღონეს გამოვიყენებთ, რომ გაკოტრებას მოვერიოთ. მე მივიღებ კონსულტაციას სხვა იურისტებთანაც“, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები