ოქრიაშვილი თურნავას: მოგმართავთ, როგორც დეპუტატი, როგორც ინვესტორი, მილიარდზე მეტი მაქვს ჩადებული საქართველოში, რომ ანაკლიის პორტს პრობლემა არ შეექმნას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახაბერ ოქრიაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა. როგორც მან განაცხადა, მას, როგორც ინვესტორს, მილიარდზე მეტი აქვს ჩადებული იმისათვის, რომ ანაკლიის პორტს პრობლემა არ შეექმნას.
​მისი აზრით, პორტი უნდა ააშენოს იმ ინვესტორმა, რომელიც დღეს ახორციელებს მუშაობას.
“ქალბატონო ნათია, მე მაქსიმალურად ვიქნები არაკრიტიკული, თუ შევძლებ. ესე იგი, პირველი, რაც მინდა, ვთქვა, ეს არის ჩემი მოსაზრება და მერე მინდა, რომ კითხვა დაგისვათ. ჩემი მოსაზრება ის არის, რომ ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს იმ ინვესტორმა, რომელიც დღეს მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი საინვესტიციო კლიმატის აღქმისთვის. მეორე, ჩემთვის მიუღებელია, დღევანდელი შეხვედრა წარიმართა საგამოძიებო რეჟიმში, საგამოძიებო ორგანოში მგონია თავი. თუ საჭიროა, კომისიები შევქმნათ და იქ ვიმუშაოთ ამ რეჟიმში იმიტომ, რომ ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და არა – კომიტეტში სამუშაო შეხვედრა. მესამე, რა მოცემულობა გვაქვს პორტებთან დაკავშირებით – გვაქვს ფოთის პორტი, არის ინვესტორი. მგონი უკვე ათი წელიწადია, ეს ინვესტორია. სამწუხაროდ, ფოთის პორტში ძალიან მაღალი ტარიფებია – როგორც ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფები, რაც ჩვენს რეგიონსა და ევროპაში არსებობს, რაც პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. ათი წელია, თუ მეტი, არსებობს ეს ინვესტორი და აქამდე ქმედითი ნაბიჯები მისი მხრიდან, რომ გააკეთოს ღრმაწლოვანი პორტი, არ გადადგმულა. გამოჩნდა ინვესტორი და გამოჩნდა ახალი პროექტი, ანაკლიის პორტი. ამ პროექტმა უკვე გაიარა განსაზღვრული გზა, არის ჩადებული დიდი თანხები, გზა გავლილია მართლა და ამ დროს ფოთის პორტში ხდება სკანდალი, ეს არის სკანდალური ინფორმაციის გაჟონვა, რომ იქაც აპირებს ინვესტორი გაკეთებას. მე მივიჩნევ, ამ გაჟონვაში არსებობს მოტივაცია, რომ ანაკლიის პორტი არ გაკეთდეს.. ამიტომ მე თქვენ მოგმართავთ, როგორც დეპუტატი, როგორც ინვესტორი – მილიარდზე მეტი მაქვს მე თვითონ ჩადებული საქართველოში, რომ ამ კუთხით არ შეექმნას პრობლემა ანაკლიის პორტს იმიტომ, რომ, ჩემი ინფორმაციით, რაც მე მაქვს ახლა, საკმარისი ტვირთები ორი ღრმაწლოვანი პორტისთვის საქართველოში ჩვენი კორიდორის გავლით დღეს და ახლო პერსპექტივაში არ ჩანს, აქედან გამომდინარე, არავითარი ნებართვები ფოთის პორტზე არ უნდა გაიცეს და, პრაქტიკულად, ექსკლუზივი ან კვაზი ექსკლუზივი უნდა გაიცეს ანაკლიის პორტზე და არც ინვესტორს ექნება საბაბი უარი თქვას ამ პორტის განხორციელებაზე. ამ შემთხვევაში,. მე მინდა, რომ თქვენ გაითვალისწინოთ ჩვენი მოწოდება, თუ გინდათ, მიიჩნიეთ, რომ ეს არის უმრავლესობის; თუ გინდათ, მიიჩნიეთ, რომ ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ეს არის ერთადერთი გზა დღეს, რომ ანაკლიის პორტში დარჩეს ის ინვესტორი რომელიც არსებობს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები