ნათია თურნავა: ინვესტორებისთვის შეთავაზებებს არა მხოლოდ დარგობრივ, არამედ რეგიონალურ ჭრილშიც მოვამზადებთ

„ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა გახდება უფრო მეტად პროაქტიული, რაც განპირობებულია ახალი ტენდენციებით”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველო თავისი საინვესტიციო გარემოთი იმდენად მიმზიდველია, რომ დღეს საინტერესოა არა მხოლოდ სტრატეგიული ინვესტორებისთვის, რომლებმაც ზუსტად იციან, რაში ჩადონ ფული, არამედ ფინანსური ინვესტორებისთვის, „ექვითი” ფონდებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ თანხის განთავსება, აინტერესებთ და მოსწონთ საქართველოს საინვესტიციო გარემო და ჩვენგან მოელიან კონკრეტულ პაკეტებს, კონკრეტულ შეთავაზებებს“,- აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინვესტორებისთვის ასეთ შეთავაზებებს მოამზადებს არა მხოლოდ დარგობრივ, არამედ რეგიონალურ ჭრილშიც.
„ეს არის სწორედ დარგობრივი აქცენტის რეგიონალურისკენ გადატანა. ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს, რომ თანხა ჩადონ არა უბრალოდ საქართველოს კონკრეტულ დარგში, რაც თავისთავად მიმზიდველია, არამედ რეგიონებში, მაგალითად, ქუთაისში, რუსთავში, ამბროლაურში და სხვ. ჩვენ მათ დავუსაბუთებთ, რატომ უნდა ჰქონდეს რეგიონს თავისი კონკრეტული საინვესტიციო პორტფელი და საინვესტიციო პროექტების კონკრეტული პასპორტები. ამით გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ რეგიონალური თავისებურებები, არამედ ჩვენი მთავრობის რეგიონალური პოლიტიკა. ამით ჩვენ ასევე წვლილს შევიტანთ სიღარიბის დაძლევაში”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები