საპარლამენტო დელეგაციამ ფედერალური და უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დამტკიცების საკითხებთან დაკავშირებით აშშ სენატში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები ვაშინგტონში აშშ-ს სენატორის რიჩარდ ბლუმენალის უფროს მრჩეველს, სემ საიმონსა და საგარეო პოლიტიკის მრჩეველს, კიმ კუარანტილოს შეხვდნენ.
სენატის თანამშრომლებმა დეტალურად მიმოიხილეს ფედერალურ მოსამართლეთა, ასევე, უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დამტკიცების პროცესი სენატის მიერ.
დისკუსიის დროს ქართველმა დეპუტატებმა განიხილეს პოლიტიკური და პროცედურული საკითხების დეტალები, ასევე, პროფესიული და პიროვნული შემოწმების, საჯარო მოსმენებისა და ფედერალურ მოსამართლეთა დამტკიცების პროცესთან დაკავშირებული თემები.

ქართველი კანონმდებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება გამომდინარე იქედან, რომ ახლოვდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების წარდგენისა და დამტკიცების პროცესი.
პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების – „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე  – დავით გელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები