გუგული მაღრაძემ უკრაინის დელეგაციას პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა გააცნო

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, გუგული მაღრაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში შედიან უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები.
გუგული მაღრაძემ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ისტორია და შემადგენლობა, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ძირითადი ამოცანები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხები, კანონმდებლობის გენდერულ ანალიზის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ახალი რეგლამენტის შესაბამისად პარლამენტის გაზრდილი საზედამხედველო ფუნქციები და მათი განხორციელებისთვის გათვალისწინებული მექანიზმები გააცნო.

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა აღნიშნა, მიმდინარე წელს  გენდერული თანასწორობის საბჭოს პრიორიტეტია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხები. გუგული მაღრაძემ დელეგაციის წევრებს დეტალურად გააცნო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფების საქმიანობა.
„საქართველოსაც და უკრაინასაც ბევრი საერთო გამოწვევა აქვთ და ვფიქრობ, რომ თუ ჩვენი გამოცდილება უკრაინას დაეხმარება გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრაში, ჩვენ მოხარულები ვიქნებით“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა უკრაინელი სტუმრების შეკითხვებს უპასუხა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროებში გოგონათა ჩართულობა.
შეხვედრა ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC) ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები