ნიკო ნერგაძემ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი დატოვა
ნიკო ნერგაძემ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ის აქტიურ ჟურნალისტიკაში ბრუნდება. როგორც „კვირას“ ნიკო ნერგაძემ განუცხადა, ის მუშაობას რადიო „თავისუფლებაში“ გააგრძელებს. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება პარასკევს 30 მაისს დაწერა, რაც უკვე დაკმაყოფილდა. “ერთ წელზე მეტი ვიმუშავე საჯარო სამსახურში. ნამდვილად საინტერესო და სასიამოვნო იყო პარლამეტში მუშაობა, თუმცა, ჩემი პროფესია მომენატრა და გადავწყვიტე ჟურნალისტიკას დავუბრუნდე, სადაც თავს ძალიან კარგად ვგძნობ”, – განუცხადა „კვირას“ ნიკო ნერგაძემ. ნიკო ნერგაძე პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად 2013 წლის მაისის თვეში დაინიშნა. თანამდებობამდე, ის რადიო “თავისუფლების” ბლოგერი იყო და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექციების კურსს კითხულობდა.