ალექსანდრე მოწერელია: კურორტ სქურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ვმუშაობთ

სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებული საჩინოსა და მედანის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათგან არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო. საჩინოში, ამჟამად, გზის დაგების პროცესი მიმდინარეობს, ახალი გზა 10 კილომეტრამდე მონაკვეთზე შენდება, ობუჯი-ჯიხაშკარის დამაკავშირებელი შიდასახელმწიფოებრივი გზა კი 7-კილომეტრიანია. ორივე პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
მედანში მთავარ პრობლემას ავარიული გზა და წყალმომარაგება წარმოადგენს. სოფელში გზის მშენებლობა უახლოეს დღეებში იწყება, ტენდერი უკვე დასრულებულია და შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია.
მოწერელია სოფელ სქურშიც იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
“სქურს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, ამ ხეობას ინფრასტრუქტურული განვითარება სჭირდება და ამის შემდეგ ტურიზმი თვითონ განავითარებს აქაურობას. ამიტომაც, ჩვენ ვმუშაობთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით. წალენჯიხის მუნიციპალიტეტს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი და ამ პოტენციალის გამოყენება უნდა მოხდეს, ამისთვის ჩვენ მოვახდენთ საკითხის ძირეულ შესწავლასა და შემდეგ მის განხორციელებას”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს ადგილობრივებთან შეხვედრასა და მათი პრობლემების პირადად გაცნობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები