შოთა გულბანი: პოზიტიური ტენდენციები 2019 წლის I კვარტალშიც შენარჩუნდა და ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვებისა და დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი, შოთა გულბანი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ბიზნესსექტორის სტატისტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, კვლევის შედეგებით ბევრი საინტერესო ტენდენცია ჩანს ეკონომიკაში. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2019 წლის I კვარტალშიც ნარჩუნდება და ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვებისა და დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.
საქსტატის  თანახმად, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.5 პროცენტით გაიზარდა და 22.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 9.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 9.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. შოთა გულბანის შეფასებით, ყოველივე ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველოში ბიზნესაქტივობა არის გაზრდილი, რაც განპირობებულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაბილურობით, ბიზნეს-მეგობრული ნორმატიული ბაზითა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით. ექსპერტის განცხადებით, ძალიან საინტერესო მონაცემები ფიქსირდება პროდუქციის გამოშვების თვალსაზრისითაც, სადაც ამავე პერიოდში მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41.3 პროცენტი, საშუალოზე – 24.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 33.9 პროცენტი.

„ეს იმას ნიშნავს, რომ მსხვილი ბიზნესი გამოშვების თვალსაზრისით დომინანტის როლს თმობს და იკვეთება ტენდენცია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკურ ზრდაში სულ უფრო მნიშვნელოვან კონტრიბუტორად გვევლინება. აქვე აღვნიშნავ, რომ რომ 2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის გამოშვების ზრდაში მცირე და საშუალო საწარმოების წვლილმა 7.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა“, – განაცხადა შოთა გულბანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები