გიორგი კაკაურიძე: თუ გვინდა, სტაბილურ ეკონომიკას მივაღწიოთ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, 5 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე უნდა ჩამოვიყვანოთ

“თუ ჩვენ გვინდა, სტაბილურ ეკონომიკას მივაღწიოთ, მათ შორის – ვალუტის ნაწილში, აუცილებელია, ვეცადოთ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ეტაპობრივად, 5 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიყვანოთ”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს ლარის კურსის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკას ერთი უდიდესი პრობლემა აქვს – ეს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია.
როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, გასულ წელს 7,7 პროცენტის ფარგლებში იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი.
“ჩვენი განვითარების დონისთვის 5-პროცენტიანი მიღწევა ძალიან დიდი წარმატება იქნება და გაცილებით მეტ სტაბილურობას შექმნის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, მთავარი მიზანი უნდა იყოს ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა.
„ლარის გაცვლით კურსს ჩვენთვის დიდი გავლენა არ აქვს. რა თქმა უნდა, ხარჯების ნაწილში გავლენა აქვს და უფრო მეტი ხარჯის გაწევა გვიწევს, თუნდაც ვალების მომსახურების ნაწილში. ჯამში, ვალუტის ცვლილება დიდ გავლენას არ ახდენს, შემოსავლები და ხარჯები, დაახლოებით, ერთი და იმავე პროპორციით იზრდება, შესაბამისად, მას ბიუჯეტზე გავლენა არ აქვს. რაც შეეხება ეკონომიკაში მის გადასვლას – ეს ინფლაციაზე გავლენაა და ჩვენ ძირითადი აქცენტი ინფლაციაზე გვაქვს“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები