ტყიბულში ხანდაზმულები შინმოვლის სერვისით ისარგებლებენ

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის  თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნას.

როგორც „კვირას“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად” ფარგლებში მიღებული დაფინანსებით ახორციელებს.

„პროექტის ფარგლებში, 30 ხანდაზმული  მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული შესაძლო ბენეფიციართა სიების საფუძველზე შეირჩა, რომელთაც თვეში ოთხჯერ გაეწევა საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, საკონსულტაციო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სოციალური მომსახურებების კომპლექსი“, – აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, სერვისის დაწყებასთან დაკავშირებით  ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის ოფისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პროექტში მოხალისეობრივად ჩართვის მსურველი ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები