მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა საჯარო სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი კაპანაძემ, მოადგილეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო სკოლის დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განათლების სფეროში სამომავლო სტრატეგია და პრიორიტეტები განიხილეს. ასევე, აღინიშნა სკოლის დირექტორების როლი განათლებული და ჯანსაღი მომავლის აღზრდაში. საუბარი შეეხო შემდგომში განსახორციელებელ ინიციატივებს, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას სკოლებში და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე წარჩინებულ მოსწავლეთა ფინანსურ დახმარებასაც.
“მუნიციპალიტეტში მუშავდება სოციალური პროგრამა, რომელიც წარჩინებული მოსწავლეების სემესტრის ბოლოს ფულად წახალისებას ითვალისწინებს. ასევე, მერია სკოლებს შესთავაზებს სხვადასხვა პროექტს, რომელიც მოსწავლეთა წასახალისებლად სტიმული იქნება სწავლისა და მუნიციპალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის”, – აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.
სამუშაო შეხვედრაზე მერის პირველმა მოადგილემ, გივი გიუტაშვილმა აღნიშნა, რომ სარემონტო სამუშაოები იმ სკოლებში, რომელთაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ, ზაფხულის არდადეგებიდან დაიწყება და პირველ ეტაპზე მოხდება შენობების გადახურვა, შემინვა და სველი წერტილების მოწესრიგება, შემდეგ კი ეტაპობრივად განხორციელდება სამუშაოები ყველა სკოლაში გათბობის სისტემის მოწესრიგების ჩათვლით.