ზარდიაშვილი შავგულიძეს – „ვიდრე ალანიაც თქვენი პარტიის წევრი გახდება, გვითხარით, ვინ იყვნენ იმ სისტემაში, ვინც სანდრო გირგვლიანი მოკლა“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის გამოწვევის ინიციატივის განხილვა უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატთა შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
განსახილველად წარდგენილ დადგენილების პროექტზე მსჯელობას პოლიტიკური ურთიერთბრალდებები მოჰყვა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძახა, რაც დეპუტატებმა – დავით მათიკაშვილმა და ვანო ზარდიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს, შალვა შავგულიძეს მოსთხოვეს პასუხი კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრებად. ზარდიაშვილმა შავგულიძეს, ასევე, მიმართა, რომ ის ახლა ერთ გუნდშია იმ ადამიანებთან, ვისზეც ამბობდა, რომ სისტემას ებრძოდა.
„ვიდრე ალანიაც თქვენი პარტიის წევრი გახდება, გვითხარით, ვინ იყვნენ იმ სისტემაში, ვინც სანდრო გირგვლიანი მოკლა და ვინ იყო სისტემა, ვისზეც ამბობთ, რომ მის წინააღმდეგ იბრძოდით“, – მიმართა ვანო ზარდიაშვილმა შალვა შავგულიძეს.
ზარდიაშვილს ამის პასუხად დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, რომ თავად წინა ხელისუფლებაში პატარა ჭანჭიკი იყო და ახლაც პატარა ჭანჭიკია.
დაპირისპირების შემდეგ კომიტეტმა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის გაწვევის თაობაზე კენჭი უყარა, თუმცა საკითხი უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ იქნა მხარდაჭერილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები