პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, რატომ არ ჩატარდა ია კერზაიას საქმეზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა სალომე შენგელიამ პარლამენტში სახალხო დამცველის ერთი წლის ანგარიშის მოსმენაზე კერზაიას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ყველა პირი, ვისაც შეიძლებოდა შემხებლობა ჰქონოდა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დაკითხულია, ასევე დაიკითხნენ სახალხო დამცველის წერილში მითითებული პირები, ვის დაკითხვასაც ბაჩანა შენგელია და ადვოკატი ითხოვდნენ.
„აქ საუბარი იყო, რომ არ დაიკითხნენ მნიშვნელოვანი მოწმეები და არ დაიკითხნენ ის პირები, ვისაც ბაჩანა შენგელია ასახელებდა. მინდა გითხრათ, რომ ყველა პირი, ვისაც შეიძლებოდა შემხებლობა ჰქონოდა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, არიან დაკითხული, მათ შორის თქვენ მიერ ნახსენები აუდიტის სამსახურის უფროსი. აგრეთვე, ყველა ის სკოლის დირექტორი, ვინც, ია კერზაიას მსგავსად შემოწმდა და მათ კატეგორიულად უარყვეს რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია ან ზეწოლის ფაქტები. დაიკითხნენ განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლები, სკოლის პერსონალი, კანცელარიის თანამშრომლები, დირექტორები, აგრეთვე, დაიკითხნენ სახალხო დამცველის წერილში მითითებული პირები. სახალხო დამცველს წარმოდგენილი ჰქონდა პირთა სია და ახსნა-განმარტებები, ვის დაკითხვასაც ითხოვდა ბაჩანა შენგელია და ადვოკატი და ყველა პირი არის დაკითხული“, – განაცხადა სალომე შენგელიამ.
ვიდეოკამერების ჩანაწერებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ საუბრისას სალომე შენგელიამ აღნიშნა, რომ, როდესაც ბაჩანა შენგელიამ საგამოძიებო უწყებას მიმართა გამოძიების დაწყების თაობაზე, მაშინ უკვე გასული იყო შენახვის ერთთვიანი ვადა და შესაბამისად, ობიექტური მიზეზის გამო ეს ჩანაწერები არ არსებობდა.
გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა ასევე ისაუბრა საქმესთან დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნაზე და განმარტა, რომ, რადგან ბაჩანა შენგელიას მოთხოვნით გარდაცვლილის გაკვეთა არ მომხდარა, მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაციით კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი იყო.
„რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას, მოგეხსენებათ, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში როდესაც დაინიშნა ექსპერტიზა, პროკურატურამ გამოითხოვა მასალები და სრულად წარადგინა აღნიშნული სამედიცინო დოკუმენტაცია, მაგრამ არსებითი გახლდათ გვამის გაკვეთა. ბაჩანა შენგელიას მოთხოვნით გვამის გაკვეთა არ მომხდარა, შესაბამისად, შეუძლებელი იყო მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაციით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში ჩატარება და ამიტომ ექსპერტიზა არ ჩატარდა. ეს არის ობიექტური მიზეზი, რის გამოც ექსპერტიზა ვერ ჩატარდა და არა იმის გამო, რომ პროკურატურამ რაღაც კითხვა არასწორად დასვა ან არ დასვა. ყველა სისხლის სამართლის საქმეში, სადაც არის გარდაცვალება, ინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლისთვისაც სპეციალური კითხვები ისმება იმისთვის, რათა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი და მიზეზშედეგობრიობა, რამდენად სწორად მოხდა მკურნალობა ან რამ გამოიწვია სიკვდილის მიზეზი. ჩვენ სახალხო დამცველთან გვქონდა კომუნიკაცია და სახალხო დამცველს დავპირდით, რომ შემოწმების მასალებს გავაცნობთ მას შემდეგ, რაც შემოწმება დასრულდება და არამხოლოდ სახალხო დამცველს, არამედ საზოგადოებასაც გავაცნობთ შედეგებს“, – განაცხადა სალომე შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები