ხაჯიმბა აფხაზეთიდან ქართველების გასახლებას აპირებს – რას ფიქრობენ თბილისში?
ექსპერტი სოსო ცინცაძე პორტალ “კვირასთან“ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის რაულ ხაჯინბას მიერ აფხაზეთიდან ქართველების გასახლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. ის ფიქრობს, რომ ხაჯინბას, ბოლო დროს გაცემულმა დაპირებებმა შესაძლოა სამკვდორ-სასიცოცხლო პრობლემები შეუქმნას. მისივე თქმით, აფხაზეთში ახალი ეთნიკური წმენდის განხორციელების მცდელობა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის სურვილად აღიქმება, რაც პუტინის რეჟიმის ისედაც შერყეულ ავტორიტეტს კიდევ უფრო შეარყევს. ცინცაძის აზრით, პუტინს აფხაზეთში რადიკალური ცვლილებები ხელს არ მისცემს, მისთვის უმჯობესია ანქვაბსა და ხაჯინბას შორის საერთო ენა მოიძებნოს. ექსპერტის თქმით, აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით დადასტურდა, რომ აფხაზების მიმართ ქართული მხარის არც შედარებით ხისტი და არც ლმობიერი პოლიტიკა არაფერს არ ცვლის. “ხაჯინბას განცხდებას, რომ აფხაზეთიდან იმ ქართველების გასახლება, ვისაც აფხაზური პასპორტები კანონდარღვევით აქვთ მიღებული, აფხაზი ხალხის დაკვეთაა – არ შეიძლება მხოლოდ ხაჯიმბას ერთპიროვნული განცხადება ვუწოდოთ. ბოლო დღეებში აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მის შეხედულებებს უამრავი აფხაზი იზიარებს. აფხაზეთიდან ეთნიკურად ქართველების გამოსახლება, დეპორტაცია ეს იქნება დისკრიმინაცია და გაეროს რეზოლუციების დარღვევა – საერთაშორისო მნიშვნელობის დანაშაული. პუტინს აფხაზეთში სიტუაციის გამწვავება ხელს არ მისცემს, ამ ეტაპზე მას ხაჯინბასა და ანქვაბს შორის მოლაპარაკებების გზით შეთანხმება უფრო აწყობს, თუმცა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ნების გარეშე ვითარება რადიკალურად რომ ვერ შეიცვლება ეს ყველამ ვიცით“,- განუცხადა “კვირას“ სოსო ცინცაძემ. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯინბამ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას განაცხადა, რომ აფხაზეთიდან იმ ქართველების გასახლება, ვისაც აფხაზური პასპორტები კანონდარღვევით აქვთ მიღებული, აფხაზი ხალხის დაკვეთაა. მისი თქმით, არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ აფხაზეთში არსებულ სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებს. “ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და სამოქმედო გეგმასაც იმის მიხედვით დავსახავთ, როგორც აფხაზი ხალხის ნება-სურვილი გვიკარნახებს”, -აღნიშნა ხაჯინბამ.