მამუკა მდინარაძე: 6 წელია, აჯანჯღარებენ “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს, ვერაფერი მოუხერხეს, ახლა კი ყალბი და ილუზიური კვლევებით აპირებენ ამის გაკეთებას

“ბიძინა ივანიშვილი იმის გარანტიაა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვეღარასდროს მოახერხებს, დემოკრატიულ პრინციპებს უღალატოს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, როდესაც ხუთი და შვიდი პროცენტით ცდება კვლევა რეალობას, იქ პრობლემაა, მაგრამ რამდენიმე ათეული პროცენტით რომ ცდება, უკვე ეს არასერიოზულია.
„ჩვენ ვნახეთ არჩევნებამდე 2 დღის წინ ჩატარებული ვითომ „იპსოს“ საფრანგეთის მიერ ჩატარებული კვლევა და შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს იყო ტყუილი, „იპსოს“ საფრანგეთს ასეთი კვლევა არ ჩაუტარებია. შემდეგ არჩევნებიდან მეორე დღეს იმისათვის, რომ ეს საარჩევნო შედეგები ამერიკული, ევროპული, ქართული საზოგადობის მიერ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია აღიარება პროგრესის და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა გადაფარულიყო, ვნახეთ „CRRC”-ის მიერ ჩატარებული, რეალობას რამდენიმე ათეული პროცენტით აცდენილი კვლევები, გუშინ კი ვინმე გერასიმოვას რაღაც საკურსო ნაშრომი ვნახეთ, რომელიც ეკა გიგაურის კრიტიკაზე იყო დაფუძნებული. რა არის ამ ყველაფრის მიზანი?
ერთ მხარეს არის წარმატებები, ფაქტები და მეორე მხარეს რაღაც კვლევები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ რეალობას, აცდენილია რამდენიმე ათეული პროცენტით. ხუთი და შვიდი პროცენტით რომ ცდება კვლევა რეალობას, იქ პრობლემაა, მაგრამ რამდენიმე ათეული პროცენტით რომ ცდება, უკვე ეს არასერიოზულია“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილზე ხდება ისტერიული პიარ შტურმი.
„ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი, ვხედავთ ვინ არის ძირითადი დარტყმის ობიექტი. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ეს არის „ქართული ოცნება“. ბიძინა ივანიშვილზე ხდება ისტერიული პიარ შტურმი, ისტერიული პიარ შტურმი ქვია ამას, რასაც ახორციელებდნენ ამ დღეების განმავლობაში ჩვენი ოპონენტები თავის მედია საშუალებების მეშვეობით. იმიტომ, რომ ქველმოქმედებაზეც კი, რომლის შესახებ ყველამ იცის და ამაზე არავინ დავობს, რაღაც საოცრებებს ლაპარაკობდნენ, რამდენი იშოვაო სამაგიეროდ და ამაზე ადამიანი სერიოზულად რომ დაიწყებს საუბარს, ეს უკვე ძალიან მძიმე დიაგნოზია. კაცმა ისტორია შეცვალა პოზიტიური მიმართულებით და 2012 წელს რას გადავრჩით მთელი ქვეყანა, ესეც ვფიქრობ არ არის საკამათო. ამის შემდეგ ინსტიტუციურ რეფორმები, დემოკრატიის გარანტია, ფაქტობრივად, არის ბიძინა ივანიშვილი, პროგრესის გარანტიაა, დემოკრატიის გარანტია და იმის გარანტიაა, რომ ვერავინ ამ ქვეყანაში ვეღარასდროს მოახერხებს, რომ დემოკრატიულ პრინციპებს უღალატოს“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.
მდინარაძე, ასევე, დემოკრატიული საწყისებისა და ინსტიტუტების გამყარებაზე საუბრობს.
„შეიძლება დიდი სურვილი ჰქონდეს მომავალში რომელიღაც პოლიტიკურ ძალას თუ პოლიტიკოსს, მაგრამ ამას ვეღარ მოახერხებენ იმდენად მყარდება ბოლო შვიდი წლის განმავლობაში დემოკრატიული საწყისები და დემოკრატიული ინსტიტუტები. სწორედ აქ აყენებენ დარტყმას, რომ რამენაირად ქართულ მოსახლეობას მიაწოდონ სულელური მცდარი ინფორმაცია, თითქოს ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი კატასტროფულად ეცემა და ამ დროს ვისი რეიტინგი იზრდება? თურმე მიხეილ სააკაშვილის. ამაზე სერიოზულად ლაპარაკი არის შეუძლებელი, იმიტომ, რომ ეს არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ გამოგონილი პიარ-ამბავი, რომელსაც ცდილობენ საზოგადოებას თავს მოახვიონ.
სხვადასხვა პიარკამპანიები ვნახეთ სხვადასხვა პერიოდში 2012 წლიდან მოყოლებული. მოკლედ, საერთო ჯამში რეზიუმე რა შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ ექვსი წელია მთელი მათი მანქანა, ძალადობრივი მანქანა, თავის დროზე ისინი ფიზიკურ ძალადობდნენ, ახლა ეს აღარ შეუძლიათ საბედნიეროდ და ფსიქოლოგიურ და ინფორმაციულ ძალადობაზე არიან გადასულნი. ექვსი წელია აჯანჯღარებენ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს, ბუნებრივია, მე შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ რეიტინგი იგივეა, რაც 2012 წელს იყო. ეს შეუძლებელი ამბავია და არ ხდება, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს და ეხლა ყალბი და ილუზიური კვლევებით აპირებენ ამის გაკეთებას, რაც გამორიცხულია.

ქართული საზოგადოება კარგად იგებს ყველაფერს და თავის სახელს არქმევს ყველაფერს. არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ და ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილმა, ის არის მთავარი ადამიანი, მიიღო სამოც პროცენტიანი მხარდაჭერა ქართველი ხალხის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები