მამუკა მდინარაძე: ეს არის მხარდაჭერის მძლავრი და ახალი ეტაპი, ეს არის აღიარება ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებისა

“ეს არის მხარდაჭერის მძლავრი და ახალი ეტაპი, ეს არის აღიარება ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებისა, ჩვენს ქვეყანაში არსებული პროგრესისა”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ, საქართველოს მხარდამჭერ აქტზე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასეთ დოკუმენტს უჭერს მხარს, ეს არის ახალი ეტაპი და ეს არის აღიარება ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებებისა და კანონპროექტის პოლიტიკური წონა უდიდესია.
“ეს არის ორპარტიული დოკუმენტი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ის ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აღიარებას იმ პროგრესისა, რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში. ამ დოკუმენტში ბევრ საკითხზეა საუბარი, მათ შორის, სახელმწიფო მდივანს დაევალა, რომ ხუთწლიანი სტრატეგია წარმოადგინოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის; ასევე, სპეციალურ წარმომადგენელს დაევალა თავისუფალი ვაჭრობის სფეროში სტრატეგიასთან დაკავშირებით გარკვეული დოკუმენტების წარმოდგენა, ამ სფეროს შესწავლა და მოლაპარაკებების დაწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისა და მისი გაჯანსაღებისთვის.
როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასეთ დოკუმენტს უჭერს მხარს, სადაც მომდევნო ხუთი წლის სტრატეგიის შემუშავება ევალება სახელმწიფო მდივანს, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის დაწყებაზე არის პირდაპირი დავალება, როდესაც კონკრეტულ სანქციებზე, მათ მიმართ, ვინც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ადამიანის უფლებებს არღვევს – ეს არის მხარდაჭერის კიდევ უფრო მძლავრი და ახალი ეტაპი და ეს არის აღიარება ჩვენი გაკეთებული საქმეებისა, ჩვენს ქვეყანაში არსებული პროგრესისა და, რა თქმა უნდა, ასეთი კანონპროექტის პოლიტიკური წონა უდიდესია. ასეთ დოკუმენტებს ჩვენ გადავყავართ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, მხარდაჭერისა და იმ ყველაფრის აღიარების ახალ ეტაპზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერმა აღნიშნა, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მხარდაჭერით ჩვენ უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით ნაბიჯები და დავანახოთ, მათ შორის ოკუპანტ ქვეყანას, საერთაშორისო საზოგადოებასა და ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს დებსა და ძმებს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, რომ ჩვენ ვართ მშვიდობისკენ მოწოდებულები და სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ.
“როდესაც ვსაუბრობთ სამშვიდობო პოლიტიკაზე და რაღაც ხისტი პოლიტიკისაკენ მოგვიწოდებენ, რისკენ მოგვიწოდებენ არც იციან, როცა ამ საკითხებზე კამათი და დავა მიდის, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, შემთხვევით ამას არ ვლაპარაკობთ. ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკითა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მძლავრი მხარდაჭერით უნდა წავიწიოთ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ და უნდა ვიაროთ საერთო მიზნისაკენ, რასაც დეოკუპაცია ჰქვია.
სწორედ ასეთი ნაბიჯებით, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მხარდაჭერით ჩვენ უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით ნაბიჯები და დავანახოთ, მათ შორის ოკუპანტ ქვეყანას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებასა და ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს დებსა და ძმებს, აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, რომ ჩვენ ვართ მშვიდობისკენ მოწოდებულები და სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, აქამდე უნდა მივიდეთ, ესაა მთავარი და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის, არა მხოლოდ მათთვის, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა და ეკონომიკის მასტიმულირებელი და გამაჯანსაღებელი ეფექტი ჰქონდეს ისეთი დიდი ქვეყნის ისეთი ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურად ძალიან ძლიერი ქვეყნის მხარდაჭერას, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატებია”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები