გია ვოლსკი: ლადო კახაძე იმ პარტიული გაერთიანებიდან წამოვიდა, რომელიც არ ვარგოდა, შალვა შავგულიძე კი იმ პარტიულ გაერთიანებაში მივიდა, რომელსაც ცუდად იცნობენ

„ლადო კახაძე იმ პარტიული გაერთიანებიდან წამოვიდა, რომელიც არ ვარგოდა და შალვა შავგულიძე იმ საზოგადოებასა და პარტიულ გაერთიანებაში მივიდა, რომელსაც საკმაოდ ცუდად იცნობენ და, მით უმეტეს, გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი დეპუტატ გიგა ბოკერიას განცხადებას.
ამასთან, პარლამენტის ვიცესპიკერი მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მეორე ტურის გამართვაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
მისივე განმარტებით, ლადო კახაძე არის საკმაოდ პრინციპული და მცოდნე ადამიანი.
„ლადო კახაძე იმ პარტიული გაერთიანებიდან წამოვიდა, რომელიც არ ვარგოდა და რომელმაც საზოგადოებას თავი ცუდად გააცნო. შალვა შავგულიძე იმ საზოგადოებასა და პარტიულ გაერთიანებაში მივიდა, რომელსაც საკმაოდ ცუდად იცნობენ და, მით უმეტეს, გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით. სამართლებრივ საკითხებს რომ არ ჩავუღრმავდეთ და უნდა ჩავუღრმავდეთ, პრინციპებზე საუბარი არის აბსოლუტურად აცდენილი იმ რეალობისგან, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნიდა, ქმნის და ეცდება, რომ მომავალშიც შექმნას. საზოგადოება განსხვავებებს კარგად ხედავს. ლადო კახაძე არის საკმაოდ პრინციპულიც და კარგი მცოდნეც. მან პირველ ტურში საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა, თუმცა 50-პროცენტიანი ბარიერია დაწესებული და ეს ვინ დააწესა, ალბათ, გახსოვთ – „ქართულმა ოცნებამ“. ამ სიძნელის გამო ქვეყანა ხასიათდება დემოკრატიულ იერარქიაში მაღალ ადგილზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, გუშინ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ლადო კახაძე მაგალითია უპრინციპობისა, როგორც პოლიტიკოსი.
მისი თქმით, ლადო კახაძემ ყველა პარტია მოიარა, პარტიებს იცვლიდა არა შეხედულებებით, არამედ იმის მიხედვით, ვინც ძალაუფლებაში იყო ან ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ჰქონდა.
თბილისში, მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები