გოგა ხაინდრავა: არც გამიკვირდება, რომ ლორა თორნტონი „ნაცმოძრაობის“ წევრიც იყოს

ყოფილი სახელმწფო მინისტრი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლორა თორნტონს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში ადანაშაულებს, საქართველოში მის საქმიანობას კი რუსულ ინტერესებთან აიგივებს.

„შკლაროვები, გერასიმოვები, სააკაშვილები, ბოკერიები – ეს ის ხალხია, რომლის ინტერესებიც ამ ქალბატონის მიერ ჩატარებულ კვლევებშია ასახული“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ და არ გამორიცხა, რომ ლორა ტორტონი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც იყოს.

„ის, რომ NDI ცრუობს, უკვე არაერთხელ გამოჩნდა. ეს რომ რუსული კომპანია ყოფილიყო, არ ვიდარდებდი, მაგრამ ეს არის ამერიკული ინსტიტუტი და იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც დიდ დახმარებას უწევს საქართველოს და მის იმედად ვართ. რომ არა ამერიკა, რუსეთი გადაგვყლაპავდა  ისევე, როგორც ქერჩი და უკრაინის დიდი ნაწილი გადაყლაპა. ერთადერთი, რაც რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში აკავებს, ეს ამერიკის შეერთებული შტატები და მათთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობაა. რომ არა აშშ, საქართველო დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებდა და მეტსაც გეტყვით, შეიძლება, შიმშილით გავმწყდარიყავით“, – აცხადებს გოგა ხაინდრავა და ლორა თორნტონის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანაშრომლობაზე საუბრობს.

„ქალბატონი თორნტონი პირდაპირ თანამშრომლობს „ნაცმოძრაობასთან“ და მის საქმეს აკეთებს. ეს არაერთხელ დადასტურდა, რაც, პირველ ყოვლისა, დამაზიანებელია აშშ-ის ინტერესებისთვის. დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც სერიოზული დაპირისპირებაა აშშ-სა და რუსეთს შორის, ასევე, საკმაოდ გამწვავდა ურთიერთობა აშშ-სა და თურქეთს შორის, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა შავი ზღვის აუზში, რომელიც ამერიკის მყარი პარტნიორია. შავი ზღვის აუზი ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი რევოლუციურ სცენარებზე საუბრობს, NDI-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ერთ-ერთი კითხვა „ვარდების რევოლუციას“ უკავშირდება. ეს შემთხვევით არ ხდება. ეს არის წინასწარ განსაზღვრული, წინასწარ გამიზნული, რომელიც დღევანდელ გამოკითხვასთან კავშირში არ არის. მაინტერესებს, ამ ქალბატონმა განმარტოს, რატომ დაისვა შეკითხვა „ვარდების რევოლუციაზე“? ეს ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ქალბატონი ტორტონი „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს და არც გამიკვირდება, რომ ის ამ პარტიის წევრიც იყოს“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები