“ვთხოვ ჟურნალისტებს, დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, აცადონ კომისიის წევრებს, ზუსტად ასახონ ამომრჩევლის ნება”

“დაუშვებელია ინტერვიუს აღება და კომენტარების გაკეთება საარჩევნო უბანში და ამას ჟურნალისტი არ უნდა ახორციელებდეს. ინტერვიუს აღებას აქვს თავისი წესი და ნებისმიერ პირს მიეცემა საშუალება, ამ წესის შესაბამისად, მიიღოს შესაბამისი პასუხები”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რითიც ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
“ერთი მხრივ, ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტის მცდელობა, აეღო ინტერვიუ, მეორე მხრივ, ეს უკვე გადადიოდა ხმის დათვლის პროცესის ხელშეშლის მცდელობაში. უბნის დატოვების ფაქტზე, კომისია კომისიურად იღებს გადაწყვეტილებას იმ პირზე, ვინც უბანს ხელს უშლის მუშაობაში, რომ დაატოვებინოს უბანი. ჩვენ, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, საჯაროდ ვიხილეთ ის, რომ ჟურნალისტმა, ნებსით თუ უნებლიეთ, დაარღვია კანონი.
ამავდროულად, მინდა მივმართო კომისიებს. ყველას ვთხოვ, ხელი შეუწყონ, კანონით დადგენილ ფარგლებში, თითოეულ ჩართულ მხარეს, იქნება ჟურნალისტი, დამკვირვებელი თუ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, რომ მათ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თავისუფლად შეძლონ ხმის დათვლის პროცესის დაკვირვება.
ამასთან, ვთხოვ ჟურნალისტებს, დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ნუ გასცდებიან უფლებამოსილებებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და აცადონ კომისიის წევრებს, ზუსტად ასახონ ამომრჩევლის ნება. საარჩევნო ადმინისტრაცია ემსახურება ამომრჩევლებს და მოწოდებულია, ზუსტად იყოს მათი ნება შედეგებში ასახული“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები