თორნიკე რიჟვაძე “ნაცმოძრაობას”: ჩაო – ახლა უკვე დამშვიდობების დროა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე არჩევნების შეჯამებისას, “ნაციონალურ მოძრაობას” სიტყვით – “ჩაო” დაემშვიდობა. აჭარის ტელევიზიის ეთერში რიჟვაძემ განაცხადა, რომ “ნაცმოძრაობა” ვერასდროს შეძლებს “მათი მეთოდებით ხულოში ნდობის მოპოვებას”.

კითხვაზე, იყო თუ არა ხულოში მმართველი გუნდის კანდიდატის გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს დამსახურება, რომელშიც ხულოში სამხატვრო გალერეის არსებობა ცინიკურად მოიხსენია, რიჟვაძემ უპასუხა, რომ “შედეგმა უპასუხა იმაზე მეტად, ვიდრე საჭირო იყო”.

“ხულოში, შემოსასვლელში არის ძალიან ლამაზი სოფელი – ჩაო. ჩაო ნიშნავს, როგორც გამარჯობას, ასევე, დამშვიდობებას. იმ დესანტს, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” აქ გადმოასხა და გარკვეული ილუზიები შეუქმნა, მათ შორის, მათ პარტიულ ხელმძღვანელებსაც, რომ აქ ნდობის მოპოვებას შეძლებდნენ, ახლა ის დროა, ჩაიარონ ამ სოფელში ბოლოს, ახლა უკვე დამშვიდობების დროა”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი კანდიდატი ვახტანგ ბერიძე 67%-ით ლიდერობს.

საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე, მერების რიგგარეშე არჩევნებზე, კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. ახლა ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები