მამუკა მდინარაძე: მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ ზუგდიდში არჩევნებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იგებს, ოპოზიცია პროვოკაციებს ქმნის

0

„მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ ზუგდიდში არჩევნებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იგებს, ოპოზიცია პროვოკაციებს ქმნის“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მამუკა მდინარაძე გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილის „ხუშტურებს“ არ აჰყვნენ.

„პროვოკაციული ფონი აშკარად არის ზუგდიდში და ამისთვის, იქ რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანის გადაყვანა მოუწიათ. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და მოვუწოდებ, მიშა სააკაშვილის ხუშტურებს ნუ აჰყვებიან და ამ ხუშტურების შესრულებაზე ნუ მოიკლავენ თავს, რადგან შეიძლება, ეს სისხლის სამართლის საქმეში გადაიზარდოს. ასეთი ფონია შექმნილი. ასეული ნასამართლევი პირია იქ ჩაყვანილი, ჩვენი ინფორმაციით, რა თქმა უნდა, ეს ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაციაა. ეს ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს, მთავარია, რომ ისინი ქმნიან პროვოკაციულ ფონს მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ ჩვენი კანდიდატი იმარჯვებს დამაჯერებლად და ამისი გამორიცხვა უნდათ ამ არჩევნების ჩაშლის მცდელობით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ასეთ პროვოკაციულ ქმედებებს პასუხი გაეცემა. არჩევნები კი მშვიდ ვითარებაში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი