ლეიკემიით დაავადებული 9 წლის ლუკას და მისი ოჯახის ტრაგიკული ისტორია

   ”დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის” დირექტორი კახა ჯანაშვილი ლეიკემიით დაავადებული 9 წლის ლუკა ლომაურის ტრაგიკულ ისტორიას ყვება. როგორც ჯანაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ლეიკემიით დაავადებული ლუკა დაახლოებით 9 თვის წინ გარდაიცვალა, ხოლო ბავშვის მამა გია ლომოური შვილის საფლავზე გულის შეტევით გარდაიცვალა.
”ჩვენი ფონდის შვილობილი, ლუკა ლომაური დაახლოებით 9 თვის წინ გარდაიცვალა. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად, მაგრამ, სამწუხაროდ, ლუკა წავიდა ამ ქვეყნიდან. ლუკას გარდაცვალების შემდგომ ლუკას დედა მიდიოდა იაშვილის კლინიკაში და ლუკას დარჩენილი წამლები და საჩუქრები ლუკას მეგობრებისთვის საავადმყოფოში მიჰქონდა. ლუკას დედა თვითონ გარეთ, დერეფანში რჩებოდა, ბავშვები შავებჩაცმულს რომ დამინახავენ და გაიგებენ, ლუკა აღარ არისო, შეშინდებიან და გამოჯანმრთელების იმედს დაკარგავენო. ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო ლუკას გარდაცვალება, როდესაც მის გამოჯანმრთელებას ველოდით. შემდეგ უარეს შოკში ჩავვარდი ლუკას მამის, გიას გარდაცვალების გამო. გიას გულმა შვილის გარდაცვალება ვეღარ გადაიტანა. იგი შვილის საფლავზე გარდაიცვალა გულის შეტევით. არ ვიცი, რატომ ვწერ ამ ყველაფერს… გიას კარგად ვიცნობდი, კარგი, ჯიგრიანი, კახელი კაცი იყო. გია დადიოდა ჩემთან ლუკას წამლებსა თუ სხვადასხვა საკითხზე. მის საუბარში ბევრი სიკეთე და სიყვარული დავინახე არა მარტო ლუკას, არამედ ყველა დაავადებული ბავშვის მიმართ. ღმერთმა აცხონოს ლუკაც და გიაც. დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემს კომპიუტერში ეს სურათი და გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა ეს სამწუხარო ამბავი. აი, სწორედ ამისათვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს !” – წერს ”დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის” დირექტორი კახა ჯანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები