ირაკლი ღარიბაშვილი ფოლკლორის ცენტრის რეგიონული ქსელის შექმნის ინიციატივით გამოდის

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფოლკლორის ცენტრის რეგიონული ქსელის შექმნის ინიციატივით გამოდის, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში, ადგილობრივ ფოლკლორისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერმა ქართული ფოლკლორის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ ფოლკლორში დაგროვილმა საუნჯემ მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა სურვილი, ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის წარმომადგელობა რეგიონული მნიშვნელობის გახდეს და ფოლკლორის ცენტრის საქმიანობა დასავლეთ საქართველოში ოზურგეთიდან წარიმართოს. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ შენობა, რომელიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ფოლკლორის ცენტრს საქმიანობისთვის გადასცა, საკმარისი მოცულობისაა, რომ მოეწყოს.
შესაბამისად, გაკეთდეს საგამოფენო სივრცე, რაც დამთვალიერებლებს ქართულ ფოლკლორზე სრულ წარმოდგენას შეუქმნის. ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი პროექტის მომზადება ფოლკლორის ცენტრის დირექტორს, გიორგი დონაძეს დაავალა. როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს ხელს შეუწყობს ადგილზე ნიჭიერი ბავშვების გამოვლენას, მათ შემდგომი აღზრდა-განვითარების შესაძლებლობის გაჩენას, პროფესიულ წინსვლასა და ჩამოყალიბებას.
„ჩვენ ამ ქსელის შექმნით დასაბამს დავუდებთ ქართულ ფოლკლორსა და გალობა-სიმღერაში ახალი თაობის შექმნას, რაც აუცილებელი და საშვილიშვილო საქმეა ჩვენი მომავლისთვის. ფოლკლორის ცენტრის ბაზაზე სწავლა სრულიად უფასო იქნება. ქართული ფოლკლორი ქვეყნის მთელი კულტურის საფუძველს წარმოადგენს და მისი დაცვა-განვითარება კულტურის ყველა დარგის განვითარების წინაპირობაა. ფოლკლორში ყველაზე კარგად არის დაცული ჩვენი ეროვნული იდენტობა და მისი შენარჩუნება ჩვენი უდიდესი ვალია“, – განაცხადა პრემიერმა ფოლკლორისტებთან შეხვედრისას.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მისი დავალებით ცენტრის მიერ შემუშავებული პროექტების განხორციელებისთვის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები