წიფნარში სკოლის მშენებლობის დაწყების შემდეგ ოთხი ოჯახი დაბრუნდა

  ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სოფელ წიფნარის სკოლის მშენებლობა დაათვალიერა. სოფელში პრემიერ-მინისტრის სტუმრობისას ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში სკოლის მშენებლობის დაწყების შემდეგ ოთხი ოჯახი დაბრუნდა. როგორც მთავრობის მეთაურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუმარტა, სოფლის სკოლის შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, ამიტომ სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღის შენობაში ტარდებოდა, რაც არ აკმაყოფილებდა სკოლისთვის შესაბამის ელემენტარულ მოთხოვნებს. სოფელი სკოლის აშენებას 20 წლის განმავლობაში ელოდებოდა, რის გამოც მოსახლეობა სოფელს ტოვებდა. 2013 წელს მოხდა ძველი შენობის დემონტაჟი და დაიწყო ახალი სკოლის მშენებლობა. 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის ფართობი 1000 მ. კვ. მოიცავს.
მშენებლობის დასრულება ოქტომბერში იგეგმება. წელს გურიის რეგიონში სოფელ ზოტის და სოფელ შუა ამაღლების სკოლების მშენებლობა დაიწყება. ასევე, სრულად რეაბილიტირდება რეგიონის 18 სკოლა. პრემიერი სკოლის ეზოში შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობამ პრემიერს შიდა გზის ასფალტირება და სოფლის გაზიფიცირება სთხოვა. “ელემენტარულ პირობებზეა საუბარი. ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, მაგრამ ეტაპობრივად ვაგვარებთ მათ. დიდი მადლობა თქვენ ამ მოთმინებისთვის”,- მიმართა პრემიერმა მოსახლეობას. სოფლის სკოლის ყოფილმა დირექტორმა ნუნუ ანდღულაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მის სოფელში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.
“ღმერთმა გიმრავლოთ ჩემნაირი კმაყოფილი ადამიანები და ღმერთმა შეგაძლებინოთ სასიკეთო საქმის კეთება ჩვენი ქვეყნისთვის”,- მიმართა მან პრემერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები